ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს (უცხოეთი)

ექიმებმა კაცს შარდის ბუშტიდან 3.1-კილოგრამიანი ქვა ამოუღეს

შრი-ლანკაში, ტრინკომალის გენერალურ საავადმყოფოში, ექიმებმა 55 წლის კაცის შარდის ბუშტიდან 3.1 კილოგრამის წონისა და 18.7 სანტიმეტრის სიგრძის ქვა ამოიღეს. სპეციალისტების განცხადებით, არსებული მონაცემებით, შესაძლოა, ეს ადამიანის შარდის ბუშტში აღმოჩენილი და ოპერაციის გზით ამოღებული ყველაზე დიდი ქვა იყოს.

პაციენტი საავადმყოფოში თავდაპირველად ინსულტის შემდგომი გართულებების გამო მოხვდა. გამოკვლევისას ექიმებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ მას შარდვა უჭირდა. დამატებითმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიზეზი შარდის ბუშტში არსებული უჩვეულოდ დიდი ქვა იყო.

ქვის წონა დაახლოებით ახალდაბადებული ბავშვის წონას უტოლდებოდა, ხოლო ფორმითა და ზომით ის სირაქლემას კვერცხს შეადარეს.

ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ექიმების ინფორმაციით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს. პროცედურას ექიმი პრაგალატან ბალაკრიშნანი ხელმძღვანელობდა.

სპეციალისტების ვარაუდით, ქვა მამაკაცის შარდის ბუშტში 5-დან 10 წლამდე პერიოდში ყალიბდებოდა.

შარდის ბუშტის ქვები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც შარდში არსებული მინერალები კრისტალებად გარდაიქმნება და მყარ მასას ქმნის. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად ვითარდება მაშინ, როდესაც შარდის ბუშტი სრულად ვერ იცლება.

უმეტეს შემთხვევაში ასეთი ქვები მცირე ზომისაა და ორგანიზმიდან თავისით გამოიყოფა, თუმცა ზოგჯერ მათი ზომა იმდენად იზრდება, რომ სამედიცინო ჩარევა ხდება საჭირო.

გინესის მსოფლიო რეკორდების მონაცემებით, მანამდე შარდის ბუშტიდან ამოღებულ ყველაზე დიდ ქვად 1.9-კილოგრამიანი, 17.9 სანტიმეტრის სიგრძის ნიმუში ითვლებოდა, რომელიც 2003 წელს ბრაზილიაში ამოიღეს.