დემენცია კატებსაც ემართებათ - მეცნიერებმა 8 ნიშანი დაასახელეს

დემენცია კატებსაც ემართებათ

კატები ჩვენგან განსხვავებული ცხოველები არიან, მაგრამ ბევრი საერთოცაა — მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემები. მათში დემენცია შეიძლება განვითარდეს, რომელიც სიმპტომატიკით ადამიანისასაც კი ჰგავს.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კატებში მსგავსი დარღვევების ნიშნები ვიცოდეთ, რათა მათ სათანადოდ დავეხმაროთ. სამეცნიერო ენაზე აღნიშნულ მდგომარეობას კატის კოგნიტიური დისფუნქციის სინდრომი ეწოდება. ის კოგნიტიური უნარების შესუსტებას გულისხმობს, რაც ასაკის მატებასთანაა დაკავშირებული.

ჩვენს ოთხფეხა მეგობრებში ეს ისეთი ქცევითი ცვლილებებით ვლინდება, რომლებსაც სხვა სამედიცინო ახსნა არ აქვს. მიიჩნევა, რომ ხნიერ კატებში დემენცია საკმაოდ გავრცელებულია. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მათ მიერ შესწავლილი 15 წლამდე ასაკის ცხოველების ნახევარზე მეტს ამ პრობლემისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა და ზოგი საეჭვო ნიშანი 7 წლის ასაკშიც იჩენდა თავს.

მაინც როგორია ის ქცევითი ცვლილებები, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ? ქვემოთ 8 მათგანს გაგაცნობთ:

უჩვეულო ვოკალიზაცია — კატამ, შესაძლოა ზედმეტად ხშირად იკნავლოს, მათ შორის ახალ სიტუაციებში მოხვედრისას (გავრცელებულია ღამე ხმამაღლა კნავილი);

შეცვლილი ურთიერთობები — ზოგჯერ დემენციის მქონე კატები ყურადღებას მეტად ითხოვენ ან, პირიქით, ნაკლებად შემოდიან კონტაქტში და, თითქოს, ნაცნობ ადამიანებს ვეღარ იხსენებენ;

ძილის ცვლილება — შესაძლოა, კატა ღამე მოუსვენრად იყოს და დღისით უფრო მეტი იძინოს;

არასწორ ადგილას მოსაქმება/მოშარდვა — ტუალეტთან დაკავშირებული ქცევის ცვლილებები სხვადასხვა მდგომარეობას შეიძლება მივაწეროთ. ამის მიუხედავად, როცა კატა სპეციალური ქვიშიანი ყუთის გარეთ ისაქმებს, ეს ხშირად დემენციის ნიშანია;

დეზორიენტაცია — ადამიანების მსგავსად, კატებშიც დემენციის დროს მოძრაობისას დაბნეულობა ვლინდება: კედლებთან შეჯახება, ობიექტებს შორის გაჭედვა, კარის არასწორ მხარეს მისვლა და სხვა;

აქტიურობის დონის შემცირება/მომატება — კოგნიტიური პრობლემების მქონე კატები ხშირად ჩვეულებრივზე მეტად აქტიურობენ ან პასიურობენ. მაგალითად, შესაძლოა, ნაკლები ითამაშონ, თავიანთი სხეულის გასუფთავებასაც უკლონ და ა.შ;

შფოთვა — თუ კონკრეტულ სიტუაციაში ადრე კატა თავს კომფორტულად გრძნობდა, ახლა კი შფოთავს, შეიძლება საქმე დემენციასთან გვქონდეს. ეს სხვადასხვა ობიექტის ქვეშ ან მაღლა დამალვით გამოიხატება ხოლმე;

დასწავლის შეფერხება — ამ დროს კატა ისეთ დავალებებს ვეღარ ასრულებს, რომლებიც უკვე დამახსოვრებული ჰქონდა (საჭმლის ჯამის ვერპოვნა, ახლის სწავლის გაძნელება).

გასათვალისწინებელია, რომ კატებში დემენციის სიმპტომები სხვა დაავადებებისას შეიძლება დაემთხვეს, როგორიც ართრიტი და თირკმლის პრობლემაა. შესაბამისად, საეჭვო სიმპტომების აღმოჩენისას დიაგნოზს თავად ნუ დასვამთ, არამედ ოთხფეხა მეგობარი სპეციალისტთან მიიყვანეთ, რათა ჯანმრთელობის რაიმე გართულება არ გამოგრჩეთ.

სამწუხაროდ, კატების დემენცია კარგად არაა შესწავლილი. პრევენციისა და მკურნალობის შესახებ მონაცემები ძირითადად ადამიანებსა და ძაღლებზე ჩატარებული კვლევებიდანაა, მაგრამ ერთი რამ დაზუსტებით ვიცით — დემენცია არ იკურნება. ამის მიუხედავად, არსებობს საშუალებები, რომელთა დახმარებითაც დაავადების გავლენის შემცირება შეგვიძლია.

კატებში გარემოსთან დაკავშირებული ზოგიერთი ფაქტორის ცვლილება მათი სტიმულირებისთვის, ტვინის გააქტიურებისთვისა და ნერვული უჯრედების ზრდისთვის ეფექტიანია. მანამდე კი დემენციის სიმწვავე უნდა გაითვალისწინოთ.

ჯანმრთელ ან მცირე დარღვევების მქონე კატებში თამაშის ინიციირება ან ინტერაქტიური სათამაშოებით ნადირობის მსგავსი ქცევის წახალისება კოგნიტიური დისფუნქციის პროგრესირებას ანელებს. უფრო მძიმე მდგომარეობის ცხოველებში ასეთი ცვლილებები დაბნეულობისა და შფოთვის მიზეზი შეიძლება გახდეს და სიმპტომები გააუარესოს.

რაც შეეხება კვებას, ტვინში ანთების შესამცირებლად რაციონში ანტიოქსიდანტებისა და ცხიმოვანი მჟავების დანამატების შეტანა შედეგიანია. აქაც პრობლემა ისევ კვლევებია, რადგან ამ მხრივაც მხოლოდ ძაღლებისთვის განკუთვნილი პროდუქტებია შესწავლილი. კატებს, რა თქმა უნდა, მათთვის შექმნილი დანამატები უნდა მისცეთ.

დაიმახსოვრეთ, რომ პრობლემის ადრეული იდენტიფიცირება მასთან უკეთ გამკლავებაში დაგეხმარებათ.