ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე დაკავებული ფსიქიატრი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თელავის სასამართლო

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადების ფაქტზე დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, ბრალდების მხარე კერძო ფსიქო- დიაგნოსტიკისა და ფსიქო- კორექციის ცენტრის დირექტორის პატიმრობას ითხოვდა.

სხდომაზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა თავად ფსიქიატრმაც. ის წარდგენილ ბრალდებაში ნაწილობრივ მიიჩნევს თავს დამნაშავედ და აცხადებს, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტი მისივე თხოვნის საფუძველზე, საკუთარ პაციენტს დამატებით დაუნიშნა.

საქმის პროკურორი მანანა თანდაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, ფსიქიატრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასთან კოორდინაციის ფარგლებში დააკავა.

დაკავებულს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად, განკუთვნილი რეცეპტების სისტემატურად გაცემას ედავებიან.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 3 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.