დახურულ სივრცეში ყოველდღე პლასტმასის 70 000 უხილავ ნაწილაკს შევისუნთქავთ - კვლევა

მიკროპლასტმასა

 ახალი კვლევის თანახმად, დახურულ სივრცეში ყოველდღიურად მიკროპლასტმასების 70 ათასზე მეტ ნაწილაკს შევისუნთქავთ - იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. მეტიც, ამ ნაწილაკების უმრავლესობა საკმარისად პატარაა, რომ ჩვენი ფილტვების ღრმა ქსოვილებში შეაღწიოს, ამის რისკები კი ბუნდოვანია.

პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთი უდიდესი ეკოლოგიური პრობლემაა. მისი მიკროსკოპული ზომის ნაწილაკები, მიკროპლასტმასები, უკვე ყველგანაა: წყალში, ტვინში, პლაცენტასა და სათესლე ქსოვილებშიც კი. მიკროპლასტმასები სხეულში არამხოლოდ საკვებიდან, არამედ ჰაერიდანაც კი ხვდება შესუნთქვის გზით.

ტულუზის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახლახან კვლევა ჩაატარეს და დაითვალეს, რა რაოდენობის პლასტმასას შეიძლება შევისუნთქავდეთ ყოველდღიურად. მკვლევრებმა საკუთარი ბინებიდან და მანქანებიდან 16 ნიმუში აიღეს. მიკროპლასტმასების კონცენტრაციის შესაფასებლად სინჯები სპეციალური ტექნიკით, რამანის სპექტროსკოპიით, შეისწავლეს.

 ბინის ჰაერის ნიმუშებში მიკროპლასტმასების საშუალო კონცენტრაცია ცალკეულ კუბურ მეტრზე 528 ნაწილაკი აღმოჩნდა; მანქანებებში თითო კუბურ მეტრზე ეს რაოდენობა 2 238 ნაწილაკი იყო. ამ მიკროპლასტმასების 94% სიგანეში 10 მიკრომეტრზე პატარა აღმოჩნდა — საკმარისად პატარა იმისთვის, რომ ჩასუნთქვისას ფილტვის ქსოვილებში ღრმად შეაღწიოს.

ამ და სხვა კვლევის საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ გარემოებიდან ზრდასრულები დღეში მიკროპლასტმასის დაახლოებით 71 ათას ნაწილაკს შევისუნთქავთ. აქედან 68 ათასი 10 მიკრომეტრზე პატარა ზომისაა.

"ჩვენ მიერ აღმოჩენილი კონცენტრაცია იმაზე 100-ჯერ მაღალია, ვიდრე აქამდე იყო პროგნოზირებული გარკვეული ფაქტების საფუძველზე იყო", — წერენ ნაშრომის ავტორები — "ადამიანები დროის 90%-ს დახურულ შენონებში ატარებენ, იქნება ეს სახლი, სამსახური, მაღაზია თუ ტრანსპორტი. მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი მიკროპლასტმასებს ისე შეისუნთქავენ, რომ ამას ვერც კი იაზრებენ".

ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორ მოქმედებს მიკროპლასტმასები ჯანმრთელობაზე სხეულში მოხვედრისას — მეცნიერთა საფუძვლიანი ეჭვით, დადებითად ნამდვილად არა. ახალი კვლევები აჩვენებს, რომ ეს ნაწილაკები შეიძლება კონკრეტული ტიპის სიმსივნეების, რეპროდუქციული პრობლემების, ინსულტისა და სხვა დარღვევებისრისკებს ზრდიდეს.

ჯანმრთელობაზე მიკროპლასტმასების გავლენის შესასწავლად დამატებითი კვლევებია საჭირო. მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, თუ როგორ უნდა შევამციროთ გარემოში ამ ნაწილაკების რაოდენობა. ამასთანავე, კვლევა საფრანგეთში ჩატარდა, ამ შედეგებს კი საქართველოზე ვერ განვაზოგადებთ.