მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
1986 წლის ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შედეგად გამოყოფილი მაიონიზებელი რადიაციის გავლენა შესაძლოა მომდევნო თაობის დნმ-ზეც აისახოს — ასეთ დასკვნამდე მივიდნენ გერმანიის ბონის უნივერსიტეტის მკვლევრები. მეცნიერებმა პირველად გამოავლინეს აშკარა თაობათშორისი კავშირი დასხივებული მშობლებისა და მათი შვილების გენეტიკურ ცვლილებებს შორის.
წინა კვლევები ვერ ადასტურებდა, გადაეცემოდა თუ არა რადიაციით გამოწვეული გენეტიკური დაზიანება მშობლიდან შვილს. ახალ კვლევაში მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს ე.წ. შეჯგუფებულ დე-ნოვო მუტაციებზე (cDNM) — ორ ან მეტ მუტაციაზე, რომლებიც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს და ბავშვებში გვხვდება, თუმცა მშობლებში არ ფიქსირდება. ასეთი მუტაციები შესაძლოა მშობლების დნმ-ზე რადიაციის ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანების შედეგი იყოს.
კვლევა ეფუძნება მთლიანი გენომის სეკვენირებას, რომელიც ჩაუტარდა ჩერნობილის დასუფთავებაში მონაწილე პირების 130 შვილს, გერმანიის სამხედრო რადარის ოპერატორთა 130 შვილს და საკონტროლო ჯგუფის 1275 შვილს, რომლებიც რადიაციის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილან.
შედეგების მიხედვით, ჩერნობილის ჯგუფში ბავშვზე საშუალოდ 2,65 შეჯგუფებული მუტაცია დაფიქსირდა, რადარის ჯგუფში — 1,48, ხოლო საკონტროლო ჯგუფში — 0,88. სტატისტიკური გასწორების შემდეგაც კი სხვაობა მნიშვნელოვნად დარჩა. ამასთან, რაც უფრო მაღალი იყო მშობლების მიერ მიღებული რადიაციის დოზა, მით მეტი აღმოჩნდა მუტაციათა კლასტერების რაოდენობა შვილებში.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის რისკი შედარებით მცირეა. მუტაციების უმეტესობა არაკოდირებულ დნმ-ში ფიქსირდება და არა იმ გენებში, რომლებიც ცილებს შიფრავენ, ამიტომ დაავადებების განვითარების ალბათობა დაბალია. მათი შეფასებით, ასაკოვანი მამების შემთხვევაში შვილებისთვის მუტაციების გადაცემის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ამ კვლევაში განხილული რადიაციული ზემოქმედების პოტენციური საფრთხე.
მიუხედავად ამისა, ავტორები ხაზს უსვამენ კვლევის გარკვეულ შეზღუდვებს — დასხივების შეფასება ისტორიულ მონაცემებს ეყრდნობოდა, ხოლო მონაწილეები მოხალისეები იყვნენ, რაც შესაძლოა გარკვეულ მიკერძოებას იწვევდეს.
შეზღუდვების მიუხედავად, მეცნიერები ასკვნიან, რომ მაიონიზებელი რადიაციის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შესაძლოა მცირე, თუმცა დაფიქსირებადი კვალი დატოვოს მომავალ თაობათა დნმ-ში. მათი თქმით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რადიაციული უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვის აუცილებლობას.