1788118092
ახალმა პრეპარატმა კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებში სიცოცხლის ხანგრძლივობა გააორმაგა - წამალი აშშ-ში უკვე დაამტკიცეს
აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა პრეპარატი დასახელებით დარაქსონრასიბი, რომელიც პანკრეასის კიბოს მკურნალობისთვის შეიქმნა.
ეს სწორედ ის პრეპარატია, რომელიც იმდენად ეფექტურად ზრდის პანკრეასის კიბოთი დაავადებული პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას, რომ ივნისში, ამერიკულ ონკოლოგიურ კონფერენციაზე, კვლევის შედეგებს დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოუდგა და ტაშით შეხვდა, წერს Telex-ი
მოქმედმა ნივთიერებამ, სახელწოდებით დარაქსონრასიბმა, რომელიც კომპანია Revolution Medicines-მა შეიმუშავა და აწარმოებს, კლინიკურ კვლევებში პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა გააორმაგა: მათ, ვინც პრეპარატს ყოველდღიურად აბის სახით იღებდა, საშუალოდ 13,2 თვე იცოცხლეს, მაშინ როდესაც მხოლოდ ქიმიოთერაპიაზე მყოფმა პაციენტებმა — 6,6 თვე.
პრეპარატი ბლოკავს ცილა KRAS-ის მუტაციას, რომელიც პანკრეასის კიბოს შემთხვევების 90 პროცენტს იწვევს, და ამით დაავადების მიმდინარეობას ანელებს. ამრიგად, პაციენტებში, რომლებიც პრეპარატს იღებდნენ, ცხოვრების ხარისხის გაუარესება დაახლოებით ხუთი თვით გვიან დაიწყო.
პანკრეასის კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად განსაკურნებელი სახეობაა. მისი ამოცნობაც ძალიან რთულია, რადგან ადრეულ სტადიაზე სიმპტომები თითქმის არ ახასიათებს, დიაგნოზის დასმის მომენტში კი დაავადება ხშირად უკვე შორსწასულ სტადიაშია.
ამჟამად მკურნალობის ძირითად მეთოდებს ქირურგიული ჩარევა, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია მიეკუთვნება.









