ახალმა კვლევამ შინაური კატების ევროპაში გამოჩენის დრო დააზუსტა

კატები

შინაური კატები ევროპაში დაახლოებით 4 ათასი წლით გვიან გამოჩნდნენ, ვიდრე აქამდე ითვლებოდა - ასეთ დასკვნამდე ახალი კვლევის ავტორები მივიდნენ.

მათ დაადგინეს, რომ კატები ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში გამოჩნდნენ და კონტინენტზე რომაელი ჯარისკაცების წყალობით გავრცელდნენ. კატები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, 10 ათასი წლის წინ მოაშინაურეს. აქამდე ითვლებოდა, რომ ეს ცხოველები ევროპაში 6 ათასი წლის წინ, ნეოლითის ხანაში, ახლო აღმოსავლელ მიგრანტებთან ერთად მოხვდნენ.

მეცნიერებმა ევროპასა და მცირე აზიაში აღმოჩენილი კატების ნაშთები შეისწავლეს, მათი გენომი აღადგინეს და თანამედროვე კატების გენომს შეადარეს. აღმოჩნდა, რომ ძვლები, რომლებიც ადრე შინაური კატების ეგონათ, სინამდვილეში ადგილობრივ ტყის კატებს ეკუთვნოდათ. შინაური კატები კი კონტინენტზე 2 ათასი წლის წინ მოხვდნენ.

„დავადგინეთ, რომ შინაური კატის ყველაზე ადრეული გენომი ევროპაში რომი იმპერიის პერიოდს უკავშირდება. მთელს კონტინენტზე ვერ ვიპოვეთ ვერცერთი შინაური კატა, რომლის ძვლებიც 2 ათასი წლით ადრე იქნებოდა დათარიღებული“, - განაცხადა პალეონტოლოგმა, კვლევის ხელმძღვანელმა კლაუდიო ოტონიმ.

შინაური კატების ყველაზე ადრეული გენომი იმჟამინდელი რომის იმპერიის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, კერძოდ თანამედროვე იტალიაში, სერბეთში, ავსტრიასა და ინგლისში. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კატები კონტინენტზე ძალიან სწრაფად გავრცელდნენ.