AI-მა შექმნა ვირუსი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს - რა საფრთხეს ხედავენ ექსპერტები

 ვირუსი

მეცნიერებმა, ისტორიაში პირველად, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს ახალი ვირუსების შესაქმნელად, რომლებიც შემდგომში ბაქტერიების დაინფიცირებისა და გამრავლების უნარის მქონე აღმოჩნდნენ. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ცნობით, სტენფორდის უნივერსიტეტისა და არკის ინსტიტუტის მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ხელოვნური ინტელექტის მოდელ Evo-ზე. საერთო ჯამში, მოდელმა დაახლოებით ცხრა ტრილიონი ნუკლეოტიდი გააანალიზა.

NYT განმარტავს, რომ დნმ გარკვეული გაგებით ტექსტს წააგავს: ის შედგება მოლეკულური „ასოების“  A, C, G და T-ს მიმდევრობისგან, ხოლო მათი განლაგება შეიცავს ინსტრუქციებს ცილებისა და სხვა მოლეკულების შესაქმნელად. მკვლევრებს სურდათ შეემოწმებინათ, შეეძლო თუ არა ნეიროქსელს დამოუკიდებლად აეთვისებინა წესები, რომელთა მიხედვითაც გენეტიკური მიმდევრობები ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც Evo-მ გენებში კანონზომიერებების ცნობა ისწავლა, მეცნიერებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეძლებდა თუ არა ის არა ცალკეული გენების, არამედ მთლიანი გენომების შექმნას.

პირველი ექსპერიმენტისთვის მათ აირჩიეს ბაქტერიოფაგი Phi X-174 - ვირუსი, რომელიც ნაწლავის ჩხირს აინფიცირებს და თითქმის საუკუნეა, რაც მეცნიერების მიერ კარგად არის შესწავლილი.

Phi X-174-ის 11 გენსა და მასთან დაახლოებულ 15 ათასამდე ვირუსზე დამატებითი სწავლების შემდეგ, Evo-მ დაახლოებით 700 ათასი პოტენციური გენომი დააგენერირა. მეცნიერებმა ყველაზე პერსპექტიული ვარიანტები შეარჩიეს, მოდელის მიერ შეთავაზებული 285 მიმდევრობის დნმ დაასინთეზირეს და ბაქტერიებში შეიყვანეს.

თავდაპირველად ექსპერიმენტების უმეტესობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, ერთ-ერთ ფინჯანში მკვლევრებმა დაფიქსირეს დამახასიათებელი გამჭვირვალე ლაქები, ვირუსების აქტიური გამრავლების ნიშანი. შემდგომმა გამოცდებმა აჩვენა, რომ Evo-ს მიერ შექმნილი სულ 16 გენომიდან სიცოცხლისუნარიანი ვირუსი წარმოიქმნა. ნაშრომის ავტორების თქმით, ზოგიერთი მათგანი ბუნებრივ Phi X-174-ზე სწრაფადაც კი მრავლდებოდა.

ამასთან, როგორც გამოცემა აღნიშნავს, შექმნილი ვირუსები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. Evo არ გაუწვრთნიათ ადამიანის ინფიცირების უნარის მქონე ვირუსების გენეტიკურ მონაცემებზე, ხოლო სასწავლო ბაზიდან გამორიცხეს ისეთი მონათესავე ვირუსებიც, რომელთაც ცხოველების, მცენარეებისა და სოკოების დაინფიცირება შეუძლიათ.

მეცნიერები ამ ტექნოლოგიაში პოტენციურ პრაქტიკულ გამოყენებას ხედავენ. ექსპერტების თქმით, ვირუსები მედიცინაში უკვე გამოიყენება, როგორც თავისებური „გადამტანები“ გენეტიკური დაავადებების მკურნალობისას უჯრედებში გენების მისაწოდებლად. თუ მსგავსი მოდელები ეფექტურობას ვირუსების სხვა ჯგუფებთან მუშაობის დროსაც გამოავლენენ, ხელოვნური ინტელექტი, შესაძლოა, მედიცინისა და ბიოტექნოლოგიებისთვის ახალი ინსტრუმენტების შექმნაში დაეხმაროს კაცობრიობას.

იმავდროულად, ეს ექსპერიმენტი აძლიერებს შიშებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლო გამოყენებაზე საშიში პათოგენების შესაქმნელად. ჯონს ჰოპკინსის ჯანდაცვის ცენტრის ექსპერტის, მორიც ჰანკეს აზრით, ტექნოლოგიების განვითარება უსწრებს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღებას.

როგორც The New York Times-ი აღნიშნავს, სამთავრობო რეგულაციები უკვე ითვალისწინებს მაღალი რისკის შემცველი ბიოლოგიური კვლევების საფრთხეებს, თუმცა AI-ის მეშვეობით კომპიუტერულად გენომების შექმნა ასეთ შეზღუდვებში ყოველთვის არ ხვდება. ჰანკეს აზრით, მთავარ პრობლემად რჩება სრულიად ახალი ვირუსების საფრთხის შეფასების მკაფიო კრიტერიუმების არარსებობა.