1792582790
7 ყოველდღიური ჩვევა, რომელიც ტვინს „ანადგურებს“ - ნეიროქირურგის გაფრთხილება
ყოველდღიური ჩვევები, რომლებსაც ხშირად დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, შესაძლოა დროთა განმავლობაში ტვინის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.
ხანგრძლივი უმოძრაობა, არასაკმარისი ძილი, არაჯანსაღი კვება და მუდმივი ყურადღების გაფანტვა იმ ფაქტორებს შორისაა, რომლებზეც სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ.
ნიუ-იორკის Lenox Hill-ის საავადმყოფოს ნეიროქირურგიული პროგრამის ხელმძღვანელმა, ექიმმა რენდი დ’ამიკომ New York Post-თან ინტერვიუში შვიდი ყოველდღიური ჩვევა დაასახელა, რომლებმაც შესაძლოა ტვინის ფუნქციონირებასა და გრძელვადიან ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინოს.
1. ხანგრძლივი უმოძრაობა
დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობაზე, რაც ტვინის ფუნქციონირებისთვისაც მნიშვნელოვანია. სპეციალისტის რეკომენდაციით, ყოველდღიურ ცხოვრებაში მოძრაობის ჩართვა აუცილებელია. ზრდასრულებისთვის რეკომენდებულია კვირაში სულ მცირე 150 წუთი ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა.
2. ძილის ნაკლებობა
არასაკმარისი ძილი მხოლოდ დაღლილობას არ იწვევს. ის გავლენას ახდენს ყურადღებაზე, მეხსიერებაზე, განწყობასა და ორგანიზმის სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებზე. ძილის დროს ტვინი ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას და ამყარებს მეხსიერებას. ზრდასრულებისთვის, როგორც წესი, ღამეში სულ მცირე შვიდი საათი ძილია რეკომენდებული.
3. ულტრაგადამუშავებული საკვების ხშირი მიღება
რაფინირებული და ულტრაგადამუშავებული პროდუქტებით მდიდარმა კვებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს წონის მატებას, ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის დონის დარღვევას, ასევე არტერიული წნევის მატებას. ეს ფაქტორები სისხლძარღვების ჯანმრთელობას აზიანებს და ტვინზეც შეიძლება აისახოს. სასურველია, კვების რაციონში მეტი ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, მთლიანი მარცვლეული და ხარისხიანი ცილა იყოს.
4. არტერიული წნევის, ქოლესტერინისა და სისხლში შაქრის უგულებელყოფა
ეს მაჩვენებლები ხშირად შეუმჩნევლად იცვლება, თუმცა მათი ხანგრძლივი დარღვევა სისხლძარღვებს აზიანებს. მაღალი არტერიული წნევა, ქოლესტერინის მომატებული დონე და დიაბეტი ტვინის სისხლძარღვოვან დაავადებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია. ამიტომ აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული კონტროლი და ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება.
5. მუდმივი ყურადღების გაფანტვა
სმარტფონის ხშირი შემოწმება, შეტყობინებები და სოციალური ქსელების უწყვეტი გამოყენება კონცენტრაციას ართულებს და შესაძლოა ძილზეც უარყოფითად აისახოს. ნეიროქირურგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადამიანს სჭირდება დრო, როდესაც ის მუდმივი სტიმულაციის გარეშე რჩება. წიგნის კითხვა, მშვიდ გარემოში ყოფნა და ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა კონცენტრაციის გაუმჯობესებას შეიძლება დაეხმაროს.
6. სოციალური ურთიერთობების შემცირება
სოციალური იზოლაცია კოგნიტური ფუნქციების გაუარესებისა და დემენციის განვითარების რისკფაქტორებს შორის განიხილება. რეალურ ადამიანებთან ურთიერთობა ტვინის სხვადასხვა ფუნქციას ააქტიურებს, მათ შორის მეხსიერებას, ყურადღებასა და ემოციების დამუშავებას. სოციალური ქსელების გამოყენება კი ყოველთვის ვერ ანაცვლებს პირისპირ ურთიერთობას.
7. ალკოჰოლისა და ნიკოტინის გამოყენება ემოციების სამართავად
თუ ადამიანი ალკოჰოლს დასამშვიდებლად, დასაძინებლად ან ნიკოტინს კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად ხშირად მიმართავს, ეს ჩვევა საყურადღებოა. თამბაქოს მოხმარება ზრდის სისხლძარღვოვანი დაავადებების რისკს, ხოლო ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება ტვინისა და ნერვული სისტემის დაზიანებას უკავშირდება. სტრესის მართვისთვის უფრო უსაფრთხო მიდგომებია ფიზიკური აქტივობა, ძილის რეჟიმის მოწესრიგება და საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კონსულტაცია.











