1972 წლის შემდეგ პირველად, მთვარისკენ მიემართება კოსმოსური ხომალდი, რომლის ბორტზეც ასტრონავტები იმყოფებიან

კოსმოსური ხომალდი

ამერიკული კოსმოსური ხომალდი „ორიონი“ (Orion), რომლის ბორტზეც 4 ასტრონავტი იმყოფება, ფლორიდაში მდებარე კანავერალის კონცხიდან მთვარისკენ წარმატებით აფრინდა. ეს მისია Artemis 2-ის ფარგლებში მოხდა.

ეს მთვარისკენ მიმართული პირველი პილოტირებული ფრენაა 1972 წლის შემდეგ.

გაშვება განხორციელდა მძიმე რაკეტა-მატარებლის, SLS-ის საშუალებით, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 1 აპრილს, 18:35 საათზე (თბილისის დროით 2 აპრილს, 02:35 საათზე).

ხომალდის ბორტზე 4 ასტრონავტია: ეკიპაჟის მეთაური რიდ უაისმენი, პილოტი ვიქტორ გლოვერი და მისიის სპეციალისტები - კრისტინა კოხი და ჯერემი ჰანსენი.

მისიის პირველ დღეს, „ორიონი“ დედამიწის ორბიტაზე გაატარებს, რა დროსაც ხომალდის სისტემებს შეამოწმებს, შემდეგ კი სპეციალურ მანევრს შეასრულებს, აჩქარდება და მთვარისკენ გაემართება. მისიის ფარგლებში „ორიონი“ მთვარეს ერთ წრეს შემოუვლის. ის დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 7,5 ათასი კილომეტრის მანძილზე უნდა გაფრინდეს. ფრენის ხანგრძლივობა 10 დღეს შეადგენს. მისია მთვარეზე დაჯდომას არ ითვალისწინებს.