საფრანგეთში მაურიციო კატელანის ინსტალაციის ბანანი ისევ შეჭამეს

ინსტალაციის ბანანი

მეცის ჟორჟ პომპიდუს ცენტრის ფილიალში თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზე სახელწოდებით „უსასრულო კვირა“ ერთ-ერთმა ვიზიტორმა იტალიელი ხელოვანის მაურიციო კატელანის ინსტალაციიდან „კომედიანტი“ ბანანის ნაწილი შეჭამა. ინციდენტი 12 ივლისს მოხდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გავრცელდა.

როგორც ფრანგული რადიო Ici იუწყება, ვიზიტორი კედელზე ვერცხლისფერი სკოჩით მიმაგრებულ ბანანთან გაჩერდა, შემდეგ ხილი მოულოდნელად ჩამოხსნა და დაცვის მისვლამდე უკბინა. რადიოს ინფორმაციით, სხვა დამთვალიერებლებმა ამ ყველაფერს ყურადღება არც კი მიაქციეს.

მუზეუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინსტალაცია არ დაზიანებულა, რადგან ბანანი,როგორც მალფუჭებადი პროდუქტი, რეგულარულად იცვლება. თავად მაურიციო კატელანმა კი აღნიშნა, რომ კაცმა ბანანი არასწორად შეჭამა, რადგან „ნამუშევარი თავად ბანანი კი არ იყო, არამედ მისი კონცეფცია“. მისი თქმით, „კაცმა უბრალოდ ხილი შეჭამა, მაშინ როცა მას ბანანი კანით და სკოჩით ერთად უნდა ეჭამა“.

უცნობია დააკისრეს თუ არა ვიზიტორს რაიმე ჯარიმა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კატელანის ინსტალაციის ბანანი შეჭამეს. ანოლოგიური შემთხვევა 2024 წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ბანანი ჩინელმა კრიპტობიზნესმენმა და ხელოვნების კოლექციონერმა ჯასტინ სანმა შეჭამა. თუმცა მანამდე მან ნამუშევარი აუქციონზე 6,2 მილიონ დოლარად შეიძინა.

მანამდე კი ბანანი ქართველმა ხელოვანმა დევიდ დათუნამ დააგემოვნა, პერფორმანსის „მშიერი მხატვარი“. „კომედიანტის“ პირველი ჩვენების შემდეგ გალერეამ Perrotin Gallery კატელანის 3 ბანანი გაყიდა 120-150 ათას დოლარად. ამასთან მყიდველებმა მიიღეს სერტიფიკატები, რომლებიც მათ ინსტალაციის აღდგენის საშუალებას აძლევს.