Lady Gaga-მ ბრაზილიაში უფასო კონცერტი ჩაატარა - მას 2.5 მილიონი მსმენელი დაესწრო

ლედი გაგა

Lady Gaga-მ  3 მაისს რიო-დე-ჟანეიროში, კოპაკაბანას პლაჟზე, რეკორდული რაოდენობის მსმენელის წინაშე უფასო კონცერტი გამართა.

„დღეს საღამოს ჩვენ ისტორიას ვქმნით, მადლობა ამისთვის”. – მიმართა მან მრავალრიცხოვან აუდიტორიას.

პოპვარსკვლავმა კონცერტი 2011 წლის სიმღერა Bloody Mary-თ გახსნა. Associated Press-ის ცნობით, Lady Gaga-მ ჰიტ სიმღერებით დატვირთული საკონცერტო პროგრამა წარადგინა, მათ შორის გულშემატკივრების რჩეული ჰიტები: Poker Face, Alejandro და სიმღერები  Billboard 200-ის სათავეში მყოფი ალბომიდან Mayhem.

Lady Gaga-ს წარმომადგენლების ინფორმაციით, კოპაკაბანას პლაჟზე გამართულ უფასო კონცერტს დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი დაესწრო. ეს ღონისძიება ქალ არტისტთა შორის, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კონცერტია, რომელმაც 2024 წელს, ამავე ადგილას, მადონას მიერ ჩატარებულ კონცერტს გადააჭარბა. მაშინ კონცერტს 1.6 მილიონი ადამიანი დაესწრო.

ისტორიაში ყველაზე დიდი აუდიტორია როდ სტიუარტს ეკუთვნის. გინესის მსოფლიო რეკორდების მიხედვით, 1994 წელს, ახალი წლის ღამეს, მისი გამოსვლა კოპაკაბანაზე 3.5 მილიონმა ადამიანმა იხილა.

ქალაქის ტურიზმის დეპარტამენტის განცხადებით, კოპაკაბანას პლაჟზე უფასო კონცერტები 2028 წლამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ Lady Gaga ბრაზილიელი მსმენელის წინაშე 2012 წლის შემდეგ პირველად წარდგა. 2017 წელს მომღერალმა Rock in Rio-ზე გამოსვლა გააუქმა, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მაშინ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

კონცერტის შემდეგ, Lady Gaga-მ  Instagram-ზე გამოქვეყნებული ემოციური პოსტით რიოში შეკრებილ მრავალრიცხოვან მსმენელს  მადლობა გადაუხადა.

„ვერაფერი შემამზადებდა იმ გრძნობისთვის, რაც ბრაზილიაში გამართულ კონცერტზე განვიცადე. როცა ბრაზილიელებისთვის ვმღეროდი, აბსოლუტურ სიამაყეს და სიხარულს ვგრძნობდი. პირველი სიმღერების დროს აუდიტორიის ხილვამ სუნთქვა შემიკრა. თქვენი გული ანათებს, თქვენი კულტურა თვალისმომჭრელი და განსაკუთრებულია. იმედი მაქვს, გესმით, რამდენად მადლიერი ვარ. მიხარია, რომ ეს ისტორიული მომენტი თქვენთან ერთად გავიზიარე.“ –  დაწერა Lady Gaga-მ სოციალურ მედიაში. 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lady Gaga (@ladygaga)


Associated Press-ის თანახმად, ბრაზილიის პოლიციამ  5 მაისს განაცხადა, რომ კონცერტზე სავარაუდო ტერაქტში ეჭვმიტანილი  ორი ადამიანი დააკავეს. სამართალდამცავებმა მათი ქმედება ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე აღკვეთეს, თუმცა პანიკის თავიდან ასაცილებლად, ინფორმაციის გაზიარებისგან თავი შეიკავეს.

5 მაისს Lady Gaga-ს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ პოპვარსკვლავმა და მისმა შემოქმედებითმა გუნდმა სავარაუდო საფრთხის შესახებ მხოლოდ დილით შეიტყვეს. “კონცერტის დაწყებამდე და მიმდინარეობისას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არავითარი ცნობა არ არსებობდა,  გუნდმა  მჭიდროდ ითანამშრომლა სამართალდამცავ ორგანოებთან და ყველა მხარე დარწმუნებული იყო უსაფრთხოების ზომების სიძლიერეში.“ – აღნიშნულია განცხადებაში.