საქართველოში -21° ყინვა დაფიქსირდება - განახლებული ამინდის პროგნოზი
1768411966
ორი ყოფილი თანამშრომელი 82 წლის ესპანელ მომღერალს, ხულიო იგლესიასს, სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ესპანური გამოცემა elDiario და ამერიკული ტელეკომპანია Univision-ი ავრცელებენ.
მედიის ცნობით, ორივე ქალი 2021 წელს, 10 თვის განმავლობაში მუშაობდა იგლესიასის რეზიდენციებში კარიბის კუნძულებსა და ბაჰამებზე. ისინი აცხადებენ, რომ მუშაობის პერიოდში მომღერლის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.
ერთ-ერთი ქალი (ფსევდონიმით ლაურა) ამტკიცებს, რომ იგლესიასი მას ნების საწინააღმდეგოდ ტუჩებში კოცნიდა და მკერდზე ეხებოდა. მეორე ქალი (ფსევდონიმით რებეკა) ამბობს, რომ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, მომღერალი მას მუდმივად იძახებდა საძინებელში სექსუალური კონტაქტისთვის და თანხმობის გარეშე ახორციელებდა მასზე სექსუალურ ძალადობას.
სამწლიანი ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში, გამოცემებმა შეაგროვეს 15 ყოფილი თანამშრომლის ჩვენება, რომლებიც იგლესიასთან 1990-იანი წლების ბოლოდან 2023 წლამდე მუშაობდნენ. ისინი საუბრობენ მძიმე სამუშაო ატმოსფეროზე, იერარქიულ წნეხსა და მომღერლის ფეთქებად ხასიათზე.
ესპანეთის ეროვნული სასამართლოს პროკურატურამ განაცხადა, რომ 5 იანვარს მიიღო საჩივრები და წინასწარი გამოძიება დაიწყო.
ხულიო იგლესიასის წარმომადგენლებსა და ხმისჩამწერ ლეიბლ Sony-ს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.