აშშ-ში გორილამ საკეისრო კვეთით იმშობიარა

აშშ

აშშ-ში გორილამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. ტექსასის ზოოპარკმა უიშვიათესი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დედას პრეეკლამფსია დაემართა. იგი ორსულობის გვიან პერიოდში ვითარდება და მაღალი წნევით ხასიათდება. მედიკოსები ამბობენ, რომ პრეეკლამფსია საყურადღებო გართულებაა, რომელიც სათანადო მართვის გარეშე მძიმე შედეგებს იწვევს. იგი თანაბრადაა გავრცელებული ადამიანებსა და პრიმატებში.

პატარა გორილა, სახელად ჯამიელა, ნაადრევად, 6 კვირით ადრე გაჩნდა. მისი დაბადების "ისტორიული და ემოციური" კადრი ფოტოგრაფმა დააფიქსირა. საზეიმო ფოტო კი ტექსასის ფორტ უორტის ზოოპარკმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

ზოოპარკის 115-წლიან ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც გორილამ საკეისრო კვეთით იმშობიარა. დედისთვის, გორილა სეკანისთვის, ეს მეოთხე მშობიარობაა. ვეტერინარები ამბობენ, რომ საკეისროს გარეშე დედა-შვილის სიცოცხლე თანაბარი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა.

როგორც მეან-გინეკოლოგმა ჯეიმი ერვინმა, რომელიც მშობიარობას უძღვებოდა, BBC-სთან თქვა, ჯამიელას დაბადება მისი სამედიცინო კარიერის მთავარი მოვლენაა. პროცესმა წარმატებით ჩაიარა და 5 თებერვალს დაბადებული ჯამიელაც და დედა გორილა, სეკანიც, თავს კარგად გრძნობენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების, შეცდომების დაშვების ალბათობა - ვის აფრთხილებს ცაგარელი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს - განახლებული ვალუტის კურსი