არგენტინაში ათასობით ოქროსფერი რეტრივერი შეიკრიბა და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ოქროსფერი რეტრივერი

ბუენოს-აირესში, პარკ ბოსკეს-დე-პალერმოში 2397 ოქროსფერი რეტრივერის შეხვედრა გაიმართა, რაც მსოფლიო რეკორდი გახდა.

„ეს ისტორიული მოვლენაა“, - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, მსახიობმა ფაუსტო დიუპერემ. ის პარკში თავის 10 წლის რეტრივერთან, ოლისთან ერთად მივიდა.

„მეშინოდა, რომ ჩემს ძაღლს დავკარგავდი, მეშინოდა, რომ იჩხუბებდა ან სხვა ძაღლი დაესხმოდა თავს, მაგრამ არა, ისინი ყველა ალერსიანი და მოსიყვარულეა... ეს უბრალოდ ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა“, - თქვა ღონისძიების 64 წლის მონაწილემ, ელენა დელეომ.

პარკში მოხალისეები რეტრივერებს ნუგბარსაც ურიგებდნენ. ზოგიერთ შინაურ ცხოველს პატრონებმა კოსტიუმები ჩააცვეს: ადგილობრივი ფეხბურთელების ფორმებითა და ეროვნული დროშებით დაწყებული „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟებიანი ბანდანებით დამთავრებული.