„ზოგჯერ დახვეული ნაჭრითაც უთამაშიათ ფეხბურთი. უთამაშიათ დილიდან საღამამომდე...“ - გიორგი კეკელიძე ბადრი კვარაცხელიაზე

ბადრი კვარაცხელია

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ნაწყვეტს წიგნიდან „ხვიჩა - სახელად ვარსკვლავი“.

„ბადრი კვარაცხელიამ, ხვიჩას მამამ, ფეხბურთის თამაში მშობლიურ წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუში დაიწყო. ეს ის დროა, როცა სოფელს ერთ ბურთი აქვს, ეს ბურთი კი, როგორც წესი, უკვე ძალიან მოხუცი და დაღლილია - ფეხს რომ უბიძგებ, ლამის ყავარჯენი სჭირდება. მაგრამ ამას რა უშავს. ეგ კი არა, ზოგჯერ დახვეული ნაჭრითაც უთამაშიათ ფეხბურთი. უთამაშიათ დილიდან საღამამომდე. თუმცა რატომ საღამამომდე? გამოგიციდათ როგორია ღამით, გაუნათებელ მინდორზე თამაში?

მაგიურ კარნავალურ რიტუალს ჰგავს. მხოლოდ ორი ოვალი ჩანს - ბურთი და მთვარე. მთვარე უფრო ცხადად, ბურთი კიდევ მთვარის მკრთალი სხივის შესაბამისად. მოწინააღმდეგეებს აჩქარებული სუნთქვით გრძნობ, რომ ახლოა. კარისკენ დამიზნება ალქიმიის ცოდნას მოითხოვს, ფიზიკის კანონებს მიღმაა, უნდა შეულოცო და ისე დააარტყა - გოლი გავიდა თუ აცდა, ეგებ შენ ვერც შეამჩნიო და მაშინ ანგარიში მეტოქის მეკარის პატიოსნებაზე ჰკიდია. ამ დიდი ღამეული შერკინებიდან წამოსულს, მუხლები აუცილებლად გადატყავებული და სისხლიანი გაქვს. ბრუნდებოდნენ სახლში ბადრი და მისი ძმა თამაზი, როგორც ომიდან დაჭრილი მეომრები და დედა ახვედრებდა ღუმელზე შემთბარ წყალს ვარცლში და მტვრიან და სისხლიან ფეხებს ბანდა.

არაფერი არაა იმაზე უფრო მშვიდი როგორც ზაფხულის გასუსულ ღამით, სახლის წინ, პატარა, სამფეხა სკამზე ჯდომა, თბილ წყალში ფეხების ჩაყოფა და მთვარის ყურება, მთვარის, რომელიც თავის მხრივ უკვე ცარიელ მოედანს უმზერს და ვერ გაუგია, სად გაქრა რაღაც ოვალური საგანი, ადამიანებისგან ბურთად წოდებული, მას რომ ჰგავდა და არც ჰგავდა - ფორმით სეხნია და მოძრაობით გაუგებარი“ - წერს გიორგი კეკელიძე.