ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად აირჩიეს

ვიქტორ სანიკიძე

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ფედერაციაში ოფიციალური წერილი დღეს მოვიდა, რითაც სანიკიძეს საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა მიულოცეს და ჩემპიონთა ლიგის ჩატარებაში ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე წარმატებები უსურვეს.

ჩემპიონთა ლიგა ფიბა-ს მთავარი საკლუბო ტურნირია, რომლის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის პოპულარობა და მონაწილე გუნდების დონე ყოველწლიურად იზრდება. ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იყვნენ - გერმანული ტელეკომ ბონი, ესპანური გუნდები - „ტენერიფე“ და „უნიკახა“.

წლებია, ვიქტორ სანიკიძე ფიბა-ს საშეჯიბრო კომიტეტის წევრია, რომლის ძირითადი ფუნქციაც ასაკობრივი სანაკრებო ჩემპიონატების შესაბამისი მიმართულებით ორგანიზებაა. ფიბა-ს ერთ-ერთი საიმიჯო და მთავარი საკლუბო ტურნირის წამყვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნა, ვიქტორ სანიკიძის მორიგი დაფასება და მისთვის ნდობის გამოხატულებაა“, - აღნიშნულია ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.