საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში, გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს

დახვედრა

 საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები დღეს დილით სამშობლოში დაბრუნდა. ეროვნული ნაკრების წევრებს თბილისის აეროპორტში, გულშემატკივრებმა გრანდიოზული დახვედრა მოუწყვეს.

როგორც უკვე ცნობილია, ქართველმა წყალბურთელებმა მალტაზე გამართულ მსოფლიო თასის მე -2 დივიზიონში წარმატებით იასპარეზეს და ავსტრალიაში მსოფლიო თასის სუპერფინალის საგზური მოიპოვეს.

ტურნირში 26 ქვეყნის ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველომ ჯგუფში ბრაზილიას და სლოვენიას სძლია, რის შემდეგაც პლეიოფში თურქეთს და უკრაინას მოუგო. გადამწყვეტი ნახევარფინალური შეხვედრა რევაზ ჩომახიძის გუნდმა გერმანიასთან 19:13 მოიგო და ტურნირის ფინალში გასვლასთან ერთად, მსოფლიოს ტოპ 8 ნაკრებს შორის მოხვდა.

მსოფლიო თასის ფინალური ეტაპი 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში პლანეტის 8 უძლიერესი ნაკრები, მათ შორის საქართველო ითამაშებს.