„საქართველო საბერძნეთს სტადიონზე 52 000 გულშემატკივრით ხვდება, ორი საათით მთელი ქვეყანა "გაიყინება" - ბერძნული მედია

ქართველი ქომაგები

"ერთა ლიგის ფლეი ოფის გრანდიოზულ ფინალი ქართველებისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. საქართველო საბერძნეთს 52 000 გულშემატკივრით დატვირთულ სტადიონზე უმასპინძლებს", - ასე ეხმაურება ბერძნული მედია 26 მარტს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო-სტადიონზე დაგეგმილ მატჩს, სადაც ერთმანეთს საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრების წევრი ლევან შენგელია, რომელიც, ამავე დროს, ბერძნული კლუბის, "პანეტოლიკოსის" ფეხბურთელია, გამოცემა Gazzetta.gr-თან ინტერვიუში ამბობს:

"ხალხი ძალიან აფასებს, თუნდაც რამდენიმე წარმატებას, რის გამოც სტადიონები ყოველთვის სავსეა, არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით. ევროპის საკვალიფიკაციო ფლეი ოფის ამ თამაშს მთელი ქვეყანა იხილავს. საქართველო ორი საათით გაიყინება".

გარდა თბილისში ათასობით გულშემატკივრისა, ინტერესი მაღალია რეგიონებშიც. ბერძნული გამოცემები ხაზს უსვამენ იმასაც, რომ დედაქალაქის ცენტრში მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება ათასობით ადამიანს გიგანტურ ეკრანზე შეეძლება.