სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

სანიოლი

უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის გათამაშების კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრეს.

ვილი სანიოლი: „ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ“.

ალექსანდრე იაშვილი: „გასულ წელს ჩვენი მიზანი ვერ შევასრულეთ და ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ ბევრად წარმატებულად შეგვიძლია თამაში. რთული ჯგუფია, თუმცა გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში - ის გუნდური, ერთიანი თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმის გამოსასწორებლად, რაც გასულ წელს ვერ შევასრულეთ“.