მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე ტურს B ჯგუფი გახსნის - შვეიცარიის ნაკრები მასპინძელ კანადას დაუპირისპირდება, ხოლო ბოსნია და ჰერცეგოვინა ყატარს

ფეხბურთი

შვეიცარიის ნაკრები მოახლოებულ შეხვედრას 4 ქულით მეორე ადგილზე ხვდება ისე, რომ ჯგუფში პირველ ან მეორე ადგილზე გასვლა თითქმის გარანტირებული აქვს.

მურატ იაკინის გუნდმა, პირველ ტურში ყატართან დაფიქსირებული ფრის შემდეგ, სათამაშო ხარისხი გააუმჯობესა და მეორე ტურში ბოსნია და ჰერცოგოვინას ნაკრებს დამაჯერებლად, 4:1 მოუგო.

იაკინის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება.

მასპინძელი კანადის ნაკრები ისტორიული შედეგის მოლოდინშია. ჩრდილოეთ ამერიკული გუნდი არასდროს ყოფილა მუნდიალების პლეი-ოფში და დღეს აქვს შანსი, რომ ამას მიაღწიოს. იმ შემთხვევაში თუ, კანადის ნაკრები შვეიცარიასთან კატასტროფული ანგარიშით არ დამარცხდება, ჯესი მარშის გუნდს ქვეჯგუფის პირველ ორ ადგილზე ვიხილავთ. კანადამ, პირველ ტურში ბოსნიასთან დაკარგული ქულების შემდეგ, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ყატარის ნაკრებს დამანგრეველი ანგარიშით, 6:0 მოუგო.

კანადას დღევანდელ შეხვედრაში 28 წლის მცველი, ალფი ჯოუნსი დააკლდება.

დღევანდელ შეხვედრაში მცირედით ფავორიტი შვეიცარიის ნაკრებია. თუმცა, კანადელების სათამაშო ფორმისა და გასამართი მატჩის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თანაბარი და საკმაოდ დაძაბული დაპირისპირების მოლოდინში უნდა ვიყოთ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში ბოსნია და ჰერცეგოვინა ყატარს დაუპირისპირდება. შეხვედრა სიეტლში გაიმართება. ამ შეხვედრას ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რადგან პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის.

ბოსნია და ჰერცეგოვინა მოედანზე გამარჯვების მოსაპოვებლად გავა. ევროპული გუნდი ფიზიკური თამაშით, ორგანიზებული დაცვითა და სტანდარტული მდგომარეობებით გამოირჩევა, რაც მათ მთავარ იარაღად შეიძლება იქცეს. ბოსნიელებს სურთ დაამტკიცონ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კონკურენტუნარიან ძალას წარმოადგენენ და ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვთ.

მეორე მხარეს ყატარია, რომელმაც ბოლო წლებში საერთაშორისო არენაზე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. აზიის წარმომადგენელი სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და მეტოქის შეცდომების გამოყენებას კონტრშეტევებზე ცდილობს. ყატარისთვის თითოეული ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გუნდი მაქსიმალურად მოტივირებული იქნება.

დღეს, 23:00 საათზე, ქვეჯგუფის ორივე შეხვედრა ერთდროულად გაიმართება და B ჯგუფის საბოლოო მდგომარეობაც გაირკვევა.

„რუსთავი 2“