მუზების პირველი კომენტარი „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1771617633
ქართულ ფეხბურთში ახალი ეპოქა დაიწყო – ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა ისტორიულმა წარმატებამ დაადასტურა, რომ ჩვენი ნიჭიერი თაობა მზადაა, წინ დიდი ნაბიჯი გადადგას. სწორედ ამ ამბიციური გეგმების ნაწილია ლეგენდარული იტალიური კლუბის, „AC Milan-ის“ საზაფხულო ბანაკი, რომელიც თბილისში უკვე მეორედ იხსნება. დედაქალაქი საფეხბურთო ბანაკს 17-22 ივნისს უმასპინძლებს. რა დახვდებათ ქართველ მოზარდებს ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საფეხბურთო ცენტრში და რატომ არის „Milan-ის“ მეთოდოლოგია უნიკალური შანსი ჩვენი მომავალი ვარსკვლავებისთვის?
ამ და სხვა საკითხებზე „Milan Camp Tbilisi 2026-ის“ ერთ-ერთ ორგანიზატორს, საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, გიორგი ფოფხაძეს ვესაუბრეთ.
— გიორგი, როცა „მილანზე“ ვსაუბრობთ, თვალწინ გვიდგას გრანდიოზული ისტორია და ლეგენდარული ფეხბურთელები. როგორ მოხდა, რომ ეს დიდი სპორტული ტრადიცია დღეს საქართველოს რეალობის ნაწილია?
— მე, როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ეს დიდი სიყვარული, ჩემს მეგობრებთან ერთად, საქმედ მექცია. „მილანი“ მსოფლიო გრანდია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ კლუბი საქართველოთი დაინტერესებულიყო, თუმცა ნაკრების ბოლოდროინდელმა წარმატებამ პროცესები საგრძნობლად დააჩქარა. იტალიელებმა დაინახეს, რომ აქ ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის – ეს ეროვნული მუხტია.
— „Milan Junior Camp“ საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. რა გიჩვენათ შარშანდელმა გამოცდილებამ და ვინ შეიძლება გახდეს წლევანდელი ბანაკის მონაწილე?
— გასულ წელს ჩატარებულ ბანაკზე ინტერესმა მოლოდინს გადააჭარბა. პირველ კემპზე 200-მდე ბავშვი მოვიდა, რაც ჩვენს წინასწარ გათვლებს აღემატებოდა. ამის გამო, დამატებითი მწვრთნელის ჩამოყვანაც კი დაგვჭირდა. წლევანდელი ბანაკი უკვე იმ ნდობის შედეგია, რომელიც მშობლებმა და ბავშვებმა გამოგვიცხადეს. ჩვენ არ ვატარებთ უბრალოდ ვარჯიშებს, ჩვენ საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბის ფილოსოფია ჩამოგვაქვს.
ბანაკში ჩართვა 6-დან 15 წლამდე ნებისმიერ მოზარდს შეუძლია. ჩვენი კარი ღიაა იმ ბიჭებისა თუ გოგონებისთვის, რომელთაც ფეხბურთი უყვართ და უნდათ, დიდი ისტორიის ნაწილი გახდნენ.
— რაში მდგომარეობს ეს ფილოსოფია? რით განსხვავდება „Milan Junior Camp“-ის მიდგომა იმისგან, რაც ბავშვებმა სხვაგან შეიძლება გამოცადონ?
— აქ მოზარდები ზუსტად იმ მეთოდოლოგიით ვარჯიშობენ, რომლითაც „მილანის“ აკადემიაში მსოფლიო ვარსკვლავებს ზრდიან. ეს არის ინტენსიური, საათნახევრიანი წვრთნები, სადაც აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ფიზიკურ მომზადებაზე, არამედ დისციპლინაზე, გუნდურობასა და ტაქტიკურ აზროვნებაზე. წარმოიდგინეთ ბავშვის ემოცია, როცა ის იცვამს „მილანის“ ოფიციალურ ფორმას – ის ხვდება, რომ დიდი ფეხბურთი აღარ არის შორეული და მიუწვდომელი ოცნება.
— როგორ შეაფასეს იტალიელმა მწვრთნელებმა შარშანდელი ბანაკი?
— მათი მესიჯი ცალსახა იყო: ასეთი ნიჭიერი თაობა, როგორიც საქართველოში დახვდათ, არცერთ სხვა ქვეყანაში არ უნახავთ. წარმოიდგინეთ, მათ მხოლოდ 200 ბავშვი ნახეს... ბევრი მათგანი უკვე მონიშნულიც ჰყავთ. ასეთი სურათი ორმაგად საინტერესოს ხდის პროექტს თავად „მილანისთვის“.
— როგორც ვიცით, თქვენი საბოლოო მიზანი საქართველოში „მილანის“ სრულფასოვანი აკადემიის დაფუძნებაა, რაშიც, ალბათ, რამდენიმე ასეთი ბანაკის ჩატარებაც დაგეხმარებათ...
— აკადემია – ეს არის დიდი პასუხისმგებლობა და სერიოზული სტრუქტურა. ჩვენ ვაპირებთ, რომ საქართველოში აუცილებლად გავაკეთოთ „მილანის“ აკადემია, თუმცა იქამდე მისასვლელი გზა სწორედ ამ ბანაკებზე გადის. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც „მილანის“ მესვეურებს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში ამისთვის ყველა პირობა არსებობს. სწორი ფუნდამენტის გარეშე, გრძელვადიან წარმატებაზე საუბარი რთულია.
— რატომ უნდა დაინტერესდნენ ამ ბანაკით მშობლები?
— მაღალი დონის ტრენინგი იტალიელი სპეციალისტების მეთვალყურეობით, „მილანის“ ოფიციალური სერტიფიკატი, ეკიპირების სრული ნაკრები... გარდა ამისა, ყველაზე წარმატებული მონაწილეებისთვის ორგანიზატორები განსაკუთრებულ საჩუქარს ვამზადებთ – ისინი მილანში გაემგზავრებიან და „სან სიროზე“ მატჩს დაესწრებიან. ვარჯიშები ტარდება ნუცუბიძის პლატოზე, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ეს არის ბავშვის საფეხბურთო ცნობიერების შეცვლა და ინვესტიცია მათ მომავალში.
—რა როლი აქვს ქვეყნისთვის ასეთი დონის ბრენდების შემოსვლას და რამდენად გრძნობთ მხარდაჭერას?
— ჩვენ ვაშენებთ ხიდს საქართველოსა და ევროპულ ფეხბურთს შორის. იტალიის საელჩოს მხარდაჭერა ხაზს უსვამს პროექტის მაღალ სტატუსს. ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მწვრთნელების ჩართულობა – ისინი იტალიურ გამოცდილებას იღებენ, რომელიც საქართველოში რჩება. რაც შეეხება ბიზნესს, მათი როლი გადამწყვეტია. მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც სურთ, წვლილი შეიტანონ ამ საქმეში, თუმცა ვისურვებდი, რომ კერძო სექტორის ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს.
— და ბოლოს, რას ეტყოდით ბავშვებს, რომლებიც 17 ივნისს მოედანზე გავლენ?
— შეიძლება, ერთი კვირა ბევრი არ არის, მაგრამ მათთვის სწორედ ეს ერთი კვირა შეიძლება გახდეს წერტილი, როცა ისინი საბოლოოდ ირწმუნებენ საკუთარ თავს. ჩვენ მათ ვუჩვენებთ გზას ოცნებების ასრულებისა და დიდი ფეხბურთისკენ.
