მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ნაკრების წევრებს მიმართა - მთავარია, ვიყოთ ერთიანები, წინ ვიაროთ

მიხეილ ყაველაშვილ

სამიათასწლოვანი ქვეყანა ვართ, აქამდე იმიტომ მოვედით, რომ ნებისმიერი წაქცევის დროს ვდგებოდით, კიდევ უფრო ძლიერები ვხდებოდით და მივდიოდით წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელებთან შეხვედრისას განაცხადა.

„მარცხის დროსაც და გამარჯვების დროსაც მთავარია, რომ ვიყოთ ერთიანები. ვიაროთ წინ, თავი მაღლა. თქვენ წარმოადგენთ საქართველოს, ამიტომ საქართველოსთვის უფლებაც არ გაქვთ, სხვანაირად მოიქცეთ, წინ უნდა იყუროთ გამარჯვებისკენ. თქვენ იმხელა სიხარული მიანიჭეთ ჩვენს ერს, საოცნებო იყო ჩვენი, წინა თაობისთვის, დამოუკიდებლობის ისტორიაში ასეთი დიდი ნაბიჯი გადადგით. ახალი თაობა თითოეულ თქვენს ნაბიჯს აკვირდება, როგორ იხარჯებით ბოლომდე და სამაგალითო ამითაც უნდა იყოთ. დამარცხების შემდეგ მნიშვნელოვანია ერთად შეკვრა, რომ დაანახოთ მთელ ერს, რას წარმოადგენთ, შემთხვევით რომ არ ყოფილა ეს ყველაფერი და რომ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. წაგების შემდეგ, ღირსეული ადამიანი, ღირსეული პროფესიონალი იმითაც განისაზღვრება, რომ რა თქმა უნდა, წაგებას არასდროს უნდა შეეგუო, მაგრამ უნდა მიიღო, გადალახო, თავი მაღლა უნდა ასწიო, გააგრძელო და იყო სამაგალითო ყველასთვის. სამიათასწლოვანი ქვეყანა ვართ, აქამდე იმიტომ მოვედით, რომ ნებისმიერი წაქცევის დროს ვდგებოდით, კიდევ უფრო ძლიერები ვხდებოდით და მივდიოდით წინ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილი, საქართველო-თურქეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩს შვილებთან და თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დაესწრო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქოჯაელის სტადიონზე კოლეგებმა პირისპირ შეხვედრაც გამართეს და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.