მამარდაშვილის „ლივერპული“ დამარცხდა - ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ გაიმარჯვა

  გიორგი მამარდაშვილი

იტალიის სერია A-ში დაჩი ლორთქიფანიძის „კრემონეზე“ „კომოს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 1:1. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია.

კრემონელები (9 ქულა) მე-6 ადგილზე არიან. იტალიის სერია B-ში კი გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ ასევე გასვლაზე „მანტოვა“ 5:1 დაამარცხა და 5 ტურის შემდეგ 11 ქულით პირველ ადგილზეა. ქართველი თავდამსხმელი უცნობი მიზეზის გამო განაცხადში არ იყო. ბუდუ ზივზივაძემ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა „ჰაიდენჰაიმის“ შეხვედრა გერმანიის ბუნდესლიგაში „აუგსბურგთან“, რომელიც ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო.

ეს მიმდინარე სეზონში „ჰაიდენჰაიმის“ პირველი ქულები და პირველი მოგება იყო, რომელმაც გუნდს ბოლო ადგილის დატოვების და მე-17 ადგილზე დაწინაურების საშუალება მისცა. ქართველებმა ინგლისშიც ვერ ითამაშეს. გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ სათადარიგოებში დარჩა პრემიერლიგაში „კრისტალ პალასთან“ წაგებულ მატჩში (1:2), ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ მკურნალობს და ვერ დაეხმარა „უოტფორდს“, რომელმაც ჩემპიონშიფში „ჰალ სიტის“ უმასპინძლა და 2:1 სძლია.