ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

სტადიონი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.

საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, კასპში, ხაშურში და ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები და მოეწყობა განათების თანამედროვე სისტემები, რაც მოედნების გამოყენებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფს.

ასევე განთავსდება გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და დამხმარე სივრცეები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს რეგიონებში ფეხბურთის განვითარებას და ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სავარჯიშო გარემოს შექმნას.