1784531320
ისტორიული ფინალია, მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ხვდებიან ერთმანეთს, იმედი მაქვს მესი და არგენტინა იქნებიან გამარჯვებულები - აკაკი ალადაშვილი
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მოლოდინში - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკაკი ალადაშვილი "რუსთავი 2-თან" საკუთარ პროგნოზებსა და მოლოდინებზე საუბრობს.
"ჩემი აზრით, დღეს არ შეიძლება ადამიანს ფეხბურთი გიყვარდეს და არ გულშემატკივრობდე მესის. მესიმ უნდა მოიგოს დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის თასი უნდა ასწიოს.
ისტორიული ფინალია, თუმცა ფინალს კიდევ უფრო ისტორიულს ხდის ის ფაქტი, რომ მოქმედი ევროპისა და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონები პირველად ხვდებიან ერთმანეთს ფინალში. ძალიან მაგარი მატჩი გველის. მადლობა "რუსთავი 2-სა" და თბილისის მერიას, რესპუბლიკის მოედანს უკვე ეტყობა ატმოსფერო. იმედი მაქვს მესი და არგენტინა იქნებიან გამარჯვებულები," - განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
5 საათი მსოფლიო საფეხბურთო ზეიმის კულმინაციამდე - საფეხბურთო სამყაროს დღეს ახალი ჩემპიონი ეყოლება. მილიონობით გულშემატკივარი მუნდიალს, რა თქმა უნდა, "რუსთავი 2-ზე" იხილავენ. მინიმუმ 90 წუთი, 2 ნაკრები და 1 მთავარი მიზანი - მსოფლიო ჩემპიონატის თასი. მსოფლიო ფეხბურთის უმთავრესი ტიტულისთვის დღეს ორი უძლიერესი გუნდი იბრძოლებს - ესპანეთი და არგენტინა. ღირსეული მეტოქეები - ტურნირის ფინალამდე დამაჯერებელი თამაშით მივიდნენ, დღეს კი ორივე გუნდი მოედანზე, ერთი მიზნით გადის- სანაკრებო ისტორიაში ახალი წარმატება ჩაიწეროს.
ამერიკის შეერთებული შტატები, ნიუ ჯერსი და MetLife Stadium - შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე იწყება. მთავარი საფეხბურთო წარმოდგენისთვის ემზადება თბილისი და, რაც მთავარია, რუსთავი 2, რომელიც უკვე 1 თვეა საფეხბურთო რიტმით ცხოვრობს. ქართველ ქომაგებს, სწორედ ჩვენი არხის მეშვეობით შეუძლიათ უგულშემატკივრონ საყვარელს გუნდს, ნებისმიერ ეკრანზე, მათ შორის ფან ზონებსა და სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში. შეკრების ერთ-ერთი ადგილი რესპუბლიკის მოედანია, სადაც "რუსთავი 2-ისა" და თბილისის მერიის ორგანიზებით, დამონტაჟებულია დიდი ეკრანი და მოწყობილია სპეციალური, მათ შორის, კვების ზონები.










