„იქნება ფულადი პრიზები, რაც არ არის ცოტა...“ - საქართველო 6-7 სექტემბერს საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადება

პროტური

6-7 სექტემბერს ფოთში, მალთაყვაში, იქ სადაც წყალსათხილამურო სპორტის ისტორიული ბაზა მდებარეობს, გაიმართება საერთაშორისო ტურნირი „პროტური ფოთი 2025“.

წყალსათხილამურო სპორტი საქართველოში 2023 წლიდან აქტიურად ვითარდება. თუმცა, ეს ყველაფერი 1978 წელს დაიწყო, როდესაც მალთაყვის ტყე-პარკის „ოქროს ტბაზე“  წყალსათხილამურო ბაზის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. სწორედ ფოთში 1991 წელს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო წარმატება მოიპოვეს. მათ შორის გენადი გურალია, რომელმაც უკვე 2008 წელს ევროპის საუკეთესო წყალმოთხილამურის წოდება მოიპოვა. 

დღეს საქართველოში აქტიურად ვითარდება  სპორტის ეს სახეობა და მომავალში ევროპის ჩემპიონატების მასპინძლობის ამბიციაც  ჩნდება. 

ქვეყანაში, ჯერჯერობით, ერთი მოქმედი კლუბია – ფოთის ლეიქ ქლაბი, რომელიც საქართველოს წყალსათხილამურო ფედერაციასთან ერთად 6-7 სექტემბერს ორგანიზებას გაუწევს საერთაშორისო წყალსათხილამურო შეჯიბრს პროტურს.

დღეისათვის, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, უკვე მოქმედებს მოდულებისგან აწყობილი ბაზა, სადაც შესაძლებელია ოთხი გუნდის ეკიპირების განთავსება. ბაზაზე უცხოელი სპორტსმენები უკვე ატარებენ შეკრებებს. ბავშვების სავარჯიშო პირობები სრულად უზრუნველყოფილია. მიმდინარე ეტაპზე, პირველად, საქართველოში ორი კატარღის ერთდროულად მისაღებად საერთაშორისო სტანდარტების პონტონი კეთდება, რომელიც სასტარტო ბაქანად გამოიყენება.  პონტონი აგვისტოს ბოლოს ჩაეშვება.

ამჟამად, სპორტის ამ სახეობაში, 15 ბავშვია აქტიურად ჩართული და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება. ამ მიმართულებით მომავალი თაობის დაინტერესება დიდია, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია წყალსათხილამურო სპორტის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ამ ეტაპისთვის, აუცილებელია პროფესიული რესურსების განვითარება, კერძოდ, პროფესიული კლუბების ჩამოყალიბება, კატარღების რაოდენობის გაზრდა, მწვრთნელების, მსაჯებისა და პილოტების მომზადება. მატერიალური ბაზის გაუმჯობესება, არსებული საკანონმდებლო და სამართლებრივი ბაზის დახვეწა.

სპორტის ამ სახეობის განვითარებას მრავალი ბენეფიტი და პერსპექტივა აქვს ქვეყნისთვის: საერთაშორისო სპორტულ რუკაზე საქართველოს მონიშვნა,  რეგიონის პოპულარიზაცია, ჯანმრთელი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, სპორტული ტურიზმის განვითარება და შედეგად ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხების გენერირება, ახალისამუშაო ადგილების შექმნა და დამატებითი გადასახადები ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში. აღსანიშნავია, რომ საქართველო ევროპაში არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სპორტის ამ სახეობისთვის ყველაზე გრძელი, კერძოდ ცხრათვიანი სეზონია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის, თანამედროვე საბაგიროები  წყალზე ტექნიკური მიმართულებით არის ინოვაცია, რადგან მათ მუშაობას  ელ. ენერგია არ ესაჭიროება. 

პროტურის შესახებ უფრო მეტ დეტალს ფოთის ტბის კლუბის ხელმძღვანელი ქეთი კუბლაშვილი გვიამბობს.

- რას ნიშნავს „პროტური ფოთი 2025“?

- ასეთი ტიპის ტურნირები, როგორც წესი, ბევრ ქვეყანაში ტარდება და ძალიან პოპულარულია. პირველ რიგში, ამ ყველაფერს ცნობადობის ამაღლება მოჰყვება იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც ეს ტარდება.

საქართველო წყალსათხილამურო სპორტში ერთ-ერთი ცნობილი ქვეყანაა, პირველი ევროპის ჩემპიონატი 1991 წელს ჩატარდა, თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური ვითარების გამო, წყალსათხილამურო სპორტი სცენიდან გაქრა და შემორჩა მხოლოდ რამდენიმე მომენტი. რითაც ეს სპორტი ცოცხლობდა. ერთ-ერთი არის „ოქროს ტბაზე“ კლუბი და ფედერაცია. ალბათ, ათეულობით ადამიანი მისდევს ამ სპორტს. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, ეს „პროტური“ რომ ტარდება. 

დღეს საქართველოში ჩვენ გვყავს 10-მდე მოზარდი, რომელიც ამ სპორტით არის დაკავებული და შარშანაც, ევროპის ჩემპიონატზე იყო წასული. მათმა გამოჩენამ სწორედ ამ პროტურის ჩატარებამდე მიგვიყვანა.

- რა მოლოდინები გაქვთ?

- პროტური არის საწყისი ეტაპი. კარგად დაემთხვა, თვის ბოლოს იტალიაში დაიწყება ჩემპიონატი და ყველა ცნობილი სპორტსმენი, მონაწილე, ტექნიკური პერსონალი - ფოთისკენ გამოემართება. ეს ისეთი სპორტია, რომელიც სენტიმენტს იწვევს. მშობლებიც აქტიურად ჩართულები არიან.

ძალიან კარგია, თუ ეს საზოგადოება 6-7 სექტემბერს ფოთში მოხვდება. ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს ამ ბაზის და სპორტის არსებობას და ნიშნავს, რომ მეტი დაინტერესდება. 

- რატომ მაინცდამაინც ფოთი?

- რომ გადაწყდა, 1991 წელს უნდა ჩატარებულიყო მსოფლიო ჩემპიონატი, აშენდა არაჩვეულებრივი ბაზა. ეს ტბაც მაგ მიზეზით გაკეთდა. მთელი ინფრასტრუქტურა სწორედ წყალსათხილამურო სპორტისთვის არის მიძღვნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ამინდი და კლიმატური პირობები. ფოთში, პრაქტიკულად, 12 თვიდან 10 თვე შესაძლებელია, რომ ტბაზე იდგე და ისრიალო. ასეთი იდეალური პირობები ძალიან იშვიათია. ევროპაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზაა. 

პროტური ცნობადობას აწევს, სპორტის განვითარება დაიწყება, რა თქმა უნდა, ფოთში მეტი ბავშვი ჩაერთვება. ეს დამატებით სიკეთეს მოუტანს ფოთის ბიუჯეტსაც და ფოთის მერიასაც, რომელიც ამ ყველაფერში აქტიურად არის ჩართული. ეს არის ტურიზმი, მეტი ადამიანი. პირველი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და მეორე ის მთელი ფინანსური ბენეფიტი, რომელიც მოჰყვება ამასთან დაკავშირებულ ტურიზმის აყვავებას.

- როგორ ემზადებით ამ მნიშვნელოვანი დღეებისთვის?

- ბაზა, რომელიც ფოთში არსებობს, არის ძველი. ინფრასტრუქტურა მწყობრიდანაა გამოსული. ჩვენმა კლუბმა დაახლოებით 1 წელია, გადაწყვიტა და გავაკეთეთ სპეციალური სპორტული ბაზა, მოდულებისგან აწყობილი. სწორედ ამის გამოა, რომ გამრავლდნენ ბავშვები ფოთში, რომლებიც ამ სპორტს მიჰყვებიან. გაჩნდა ადგილი, სადაც ბაზაა, სადაც შეუძლიათ მივიდნენ, გამოიცვალონ, დაასაწყობონ თავიანთი ინვენტარი, არის საუნა, კუნთების მოსადუნებლად. როგორც კი გაჩნდა პირობები, გაჩნდა ამ სპორტის განვითარების საშუალება. ეს ბაზა დაახლოებით, სამი თვის წინ დავასრულეთ.

შემდეგ დავიწყეთ სპეციალური წყლის პონტონის გაკეთება. ეს არის წყალზე მოტივტივე მცურავი საშუალება, საიდანაც იწყებ სტარტს. საკმაოდ დიდია. რა თქმა უნდა, მოსამზადებელ სამუშაოებში ჩართულია ფოთის მერია და კულტურის სამინისტრო, რომლებიც მხარს გვიჭერენ და ძალიან დაინტერესებულები არიან.

ივნისის დასაწყისში საქართველოში ბრძანდებოდა საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე ანტონიო პერეს პრიეგოსი. შევახვედრეთ მინისტრსაც და ძალიან სასიამოვნო საუბარი შედგა. ასევე, აქტიურად არის ჩართული საქართველოს ეროვნული წყალსათხილამურო ფედერაცია რატი მელიას სახით. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, დაწყებული სპორტსმენებიდან, 12 წლის ალექსანდრედან, ოთარ ჩხეიძეს ჩათვლით, რომელმაც ეს სპორტი დაიწყო საქართველოში 1978 წელს.

- ვინ მიიღებს მონაწილეობას და რა სანახაობა დახვდება მაყურებელს ადგილზე?

- 6-7 სექტემბერს იქნება შეჯიბრება მამაკაცებსა და ქალებს შორის. მამაკაცები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ორ სხვადასხვა სახეობაში, ეს არის ტრამპლინიდან ხტომა და სლალომში. 

ქალები მხოლოდ სლალომში შეეჯიბრებიან ერთმანეთს.

თუმცა, ერთი საინტერესო ფაქტია, რომ მამაკაცების შეჯიბრი გაიმართება საღამოს, შებინდებისას. იქნება არაჩვეულებრივი შოუ თავისი განათებით და ა.შ.

ამის შემდეგ უკვე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

მონაწილეობას იღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც რეგისტრაციას გადიან. ტურნირი 21 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ტარდება. ძირითადად, უცხოელი სპორტსმენები იქნებიან. 

ბაზას ჩვენი ფოთელი კოლეგა, რომან ჩაჩიბაია ხელმძღვანელობს. რომელიც საქართველოს წყალსათხილამურო ნაკრებში იყო, როცა ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაგ ადამიანის გარეშეც ამ სპორტის შენარჩუნება ვერ მოხდებოდა. ისიც ძალიან ჩართულია ამ ამბავში.

- რა სახის ჯილდო გადაეცემა გამარჯვებულს?

- გამარჯვებულები დოლარებს ქეშად მიიღებენ. მოკლედ, ეს იქნება ფულადი პრიზი და არ იქნება ცოტა. ამიტომ ყველას, ვისაც მონაწილეობა სურს, მოვუწოდებ, იყვნენ კონკურენტუნარიანები და საქართველოს სახელითაც მიიღონ მონაწილეობა.