გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ დაემშვიდობა

ქოჩორა

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა.

ქართველმა ფეხბურთელმა „ეიბართან“ ითამაშა და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვალენსიური კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს გადავუხადო, რადგან ვარჯიშებისას, მათ ჩემი ვარდნები აიტანეს. მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს, რომლებიც ბოლო მომენტამდე ჩემ გვერდით იყვნენ. მადლობა ჩემს ოჯახს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა. მადლობა ყველა ადამიანს, რომლებიც „ლევანტეში“ მუშაობენ. აქ 19 წლის მოვედი. ბიჭი ვიყავი, როდესაც გუნდში შემოვაბიჯე და ლევანტეს კაცი ვტოვებ. უღრმესი მადლობა. თქვენ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ეს დამშვიდობება არაა, კიდევ შეხვდებით“-  განაცხადა ფეხბურთელმა.

გიორგი მომავალი სეზონიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პორტუგალიურ გუნდში, ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება წარმოდგენილი.

ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და მთავარ გუნდში ყველა ტურნირზე 66 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.