ესპანური გამოცემა მამარდაშვილის მიერ აღებულ პენალტზე წერს

მამარდაშვილი

ესპანური გამოცემა Mundodeportivo ლა ლიგის ბოლო ტურში „ოსასუნა“ „ვალენსიის“ (0:1) მატჩში ხორვატი ფეხბურთელის, ანტე ბუდიმირის მიერ შესრულებულ პენალტს გამოეხმაურა, რომელიც ვალენსიელთა ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა აიღო.

„ბუდიმირმა ლა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დარტყმა შეასრულა – ხორვატი თავდამსხმელი დარტყმამდე იმდენად ნერვიულობდა, რომ ბოლოს ბურთი მამარდაშვილს მიუგორა და ერთი ქულის გადარჩენის შანსი ხელიდან გაუშვა.

ბუდიმირი ლა ლიგის ბომბარდირობისთვის იბრძვის, მაგრამ ამჯერად გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. „ვალენსიასთან“ მატჩის ბოლო წამებზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, ხორვატმა პენალტი ძალიან ცუდად დაარტყა.

ბუდიმირი პენალტს ე.წ. პანენკას სტილში ასრულებდა, მაგრამ დარტყმა იმდენად სუსტი გამოვიდა, რომ მამარდაშვილმა ბურთი აიღო, მატჩი კი „ვალენსიამ“ 1:0 მოიგო და ევროსაგზურისთვის ბრძოლაში სამი ოქროს ქულა დაიმატა.

ბუდიმირს, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს და „ოსასუნას“ უდავო ვარსკვლავია, ჩემპიონატში ამჟამად 16 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში არტემ დოვბიკს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება“, – წერს ესპანური გამოცემა.