1728499899
ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვისაც სესხებზე შენატანი შეუმცირდა
სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შედეგად 180 000 მსესხებელს სესხი გაუიაფდა. ბოლო მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 180 ათასი სესხია გაცემული, რომელთა უმრავლესობაც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად კი სწორედ ამდენივე მსესხებელს ყოველთვიურად სესხის დასაფარად შესატანი თანხის მოცულობა შეუმცირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.
"2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება.
მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო”, - აცხადებენ სებ-ში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.