ექსპერტიზა უტარდება საქმეში არსებულ ნივთმტკიცებულებებს, მათ შორის წერილს - თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზეა

თორნიკე რიჟვაძე

თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ დილით, საგარეჯოდან გადაიყვანეს, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და დაზიანებული აქვს ფილტვი.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. დღეს ბრალს წაუყენებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.

როგორც "კურიერისთვის" არის ცნობილი, იმ ნივთმტკიცებულებებს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. მათ შორის, კალიგრაფიული ექსპერტიზა უტარდება წერილს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გასროლამდე თორნიკე რიჟვაძემ დაწერა.

"ვიზიტთან დაკავშირებით, იგივე შემიძლია გავიმეორო. სიახლე არაფერია. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში. ვიდრე საქმის მასალებს არ გავეცნობი, ჩემთვის ასე ზეპირი და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არაფერს ნიშნავს. დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა", - აცხადებს ადვოკატი ლალი აფციაური.