23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
1753212708
ხვალ, 23 ივლისს „დინამო არენაზე“ ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი გაიმართება. „Starring Georgia-ს“ ცნობით, „დინამო არენას“ კარი 17:00-ზე გაიღება და იქ მისულ მსმენელს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა და წინასაკონცერტო განწყობის შექმნა შეეძლება. სანამ 21:00-ზე სცენაზე მთავარი არტისტი გამოვა, 19:30-დან მაყურებლისთვის DJ ANDREW HYPES დაუკრავს.
„Starring Georgia“ მელომანებს ურჩევს, არენაზე ადრიდანვე მოვიდნენ, თავიანთი ადგილიც დაიკავონ და მთელი საღამოთი სრულყოფილად ისიამოვნონ. გასათვალისწინებელია, რომ ხვალ საკმაოდ მზიანი ამინდი იქნება, რასაც კონცერტზე დასწრების მსურველები მომზადებულნი უნდა შეხვდნენ.
„სახლიდან გამოსვლისას არ დაგავიწყდეს დამცავის წასმა, შეამოწმე ამინდის პროგნოზი და ჩაიცვი კომფორტულად. დეჰიდრატაციის თავიდან ასარიდებლად, მიიღე საჭირო რაოდენობის წყალი; თუ ადრე მოსვლას აპირებ, თან იქონიე ქუდი ან რაიმე, რაც მზისგან დაგიცავს,“ — აღნიშნულია „Starring Georgia-ს“ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
იმ რჩევებთან და რეკომენდაციებთან ერთად, რომელთაც „Starring Georgia“ მელომანებს სოციალურ ქსელში აქტიურად უზიარებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ახლომახლო ავტომობილის პარკირებას ვერ შეძლებთ და 13:00-დან კონკრეტული ქუჩებიც (გ. ცაბაძის, ს. მეტრეველის, ა. წერეთლის და დ. ყიფიანის) გადაიკეტება; ამიტომაც:
„Starring Georgia-სა“ და „ბოლტის“ პარტნიორობის ფარგლებში, კონცერტზე მომავალი სტუმრები ისარგებლებენ ფასდაკლებით „ბოლტის“ სკუტერებით განხორციელებულ ნებისმიერ მგზავრობაზე იმ შემთხვევაში, თუ სკუტერებს თამარ მეფის ქუჩისა და აღმაშენებლის ქუჩის კვეთაზე, ე.წ. „ადამისა და ევას“ შენობასთან დააპარკინგებენ;
გახანგრძლივდება და 02:00-მდე გადაიწევს: N381, N315, N320, N311, N327, N308, N306, N384 და N386 ავტობუსების სამუშაო დრო.
რაც შეეხება უშუალოდ საკონცერტო ტერიტორიასა და ღონისძიებას, აქ მკაცრად იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები. ტერიტორიაზე არ იქნება შემნახველი საკნები, რადგან ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია. ამიტომაც, მაყურებლებმა მხოლოდ საჭირო ნივთები უნდა წამოიღონ, რათა კარში უხერხული სიტუაცია არ შეიქმნას. ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ „ორბიტის“ ბილეთის მფლობელებმა, რადგან მათ ყველა იმ პატარა ნივთის დატოვებაც მოუწევთ, რომელმაც შესაძლოა, სროლის შემთხვევაში, სცენამდე მიაღწიოს.
აკრძალული ნივთებია: საკვები და სასმელი, პროფესიონალური კამერა, მეტალის ნივთები, სითხეები და სითხის კონტეინერი, პიროტექნიკა და ხმაურის გამომწვევი მოწყობილობები.
მაყურებელს შეუძლია, კონცერტზე შეიტანოს პოლაროიდი და მცირე ზომის არაპროფესიონალური კამერა, მცირე ზომის ტექნიკა, სუნამოს პატარა ბოთლი, მცირე ზომის ჩანთა, თავის მოვლის საშუალებები 50 მლ-მდე.
ასევე, საგულისხმოა, რომ კონცერტზე არ დაიშვებიან შინაური ცხოველები, რადგან მსგავსი ხმაური მათი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
გაითვალისწინეთ, რომ ტერიტორიაზე იქნება ე.წ. ქეშლეს სისტემა და გადახდა მხოლოდ ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა მათ, ვინც ქეშით იქნება, დახვდებათ ჩასარიცხი აპარატები, რათა თანხა ბარათზე შეიტანონ. გარდა ამისა, ადგილზე წარმოდგენილი იქნება ჯასტინ ტიმბერლეიკის ოფიციალური მერჩი — გულშემატკივრებს შეეძლებათ, შეიძინონ ნივთები საყვარელი არტისტის გამოსახულებით.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტის ბილეთები 6 საათში სრულად გაიყიდა. მყიდველებს შორის 18 000-მეტი უცხოეთის მოქალაქეა. კონცერტს, საქართველოს მასშტაბით, უპრეცედენტო რაოდენობის მსმენელი დაესწრება.