Netflix-ი მეთიუ პერის შესახებ დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს

მეთიუ პერი

Netflix-ზე ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის ცხოვრების შესახებ დოკუმენტური სერიალი გამოვა. პროექტის „მეთიუ პერის ისტორია“ რეჟისორი მერი რობერტსონია. სურათი სამი ნაწილისგან შედგება. სერიალს კომპანია Maxine Productions-ი გადაიღებს, რომელიც Sony Pictures Television-ის ნაწილია. „ეს არის პირველი დეტალური დოკუმენტური ფილმი სერიალ «მეგობრების» საყვარელი ვარსკვლავის შესახებ, რომელსაც ის ადამიანები ყვებიან, ვინც მას ყველაზე კარგად იცნობდა“, - იუწყება სტრიმინგ სერვისი.

ნამუშევარი მოიცავს ინტერვიუებს მსახიობის დასა და მის ახლო მეგობრებთან. ისინი ისაუბრებენ მეთიუზე, როგორც ამომავალ კომედიურ ვარსკვლავზე და როგორც მეგობარზე, რომელიც დღემდე ახსოვთ და უყვართ.

მეთიუ პერი 2023 წლის 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი გახდა იმ პრეპარატის დოზის გადაჭარბება, რომელიც მას შფოთვისა და დეპრესიის თერაპიისთვის ჰქონდა დანიშნული.