1754337602
მორიგი ავატარი მიწის მბრძანებელია - ნახეთ პირველი კადრი ახალი ანიმაციური სერიალიდან

წყალი, მიწა, ცეცხლი, ჰაერი - მოემზადეთ ოთხი სტიქიისა და ოთხი ერის სამყაროში დასაბრუნებლად! ავატარის ფრენჩაიზს სულ მალე ახალი ანიმაციური სერიალი შეემატება.
ავატარი: შვიდი ნავსაყუდელი მორიგ ავატარს წარმოგვიდგენს, რომელიც მიწის ერიდანაა. სერიალი გაგრძელებაა პოპულარული ტელეპროექტების - ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი და ავატარი: ლეგენდა კორაზე.
სან-დიეგოს Comic-Con-ის ფესტივალზე, სადაც ავატარის 20 წლის იუბილე აღინიშნა, ამერიკულმა ტელეარხმა Nickelodeon-მა ახალი სერიალის პირველი კადრიც წარმოგვიდგინა. ამ კადრში ვხედავთ, როგორ მიაბიჯებენ პოლარული ციალით განათებულ ქვიან უდაბნოში ახალბედა ავატარი და მისი კატის თუ ლემურის მსგავსი მეგობარი ცხოველი. სურათზე ფონად შორეული ქალაქიც მოჩანს.
შვიდ ნავსაყუდელში, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, მოქმედება მიწის სამეფოში ვითარდება. მიწის ტყუპი მბრძანებლებიდან ერთ-ერთი აღმოაჩენს, რომ კორას შემდეგ იგი ახალი ავატარია და, თანაც, უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც ოთხივე სტიქიის დაუფლება შეუძლია. თუმცა, გამანადგურებელი კატაკლიზმის შემდეგ, ავატარობა კიდევ უფრო რთულია — ახალგაზრდა მიწის მბრძანებელზე ადამიანებიც ნადირობენ და სულებიც, ასე რომ, ახალ ავატარს და მის დაკარგულ ტყუპისცალს მოუწევთ, თავიანთი იდუმალებით მოცული წარმომავლობა გაარკვიონ და შვიდი ნავსაყუდელი იქამდე იხსნან, სანამ ცივილიზაციას ბოლო საყრდენიც გამოეცლება.
ამ სერიალის გარდა, ავატარის ერთგულ ფანებს მალე კიდევ ერთი სიახლე გაახარებს: 2026 წლის შემოდგომაზე გამოვა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ლეგენდა აანგზე: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი.
რაც შეეხება შვიდ ნავსაყუდელს, ის 26 ეპიზოდს ორ სეზონად გააერთიანებს. ანიმაციური სერიალის პრემიერას 2027 წლისთვის უნდა ველოდოთ.