„იმდენი რამე შემიძლია გავიხსენო, ვიცინო, ვიტირო, შეხვედრამდე ჩემო გადარეულო...“ - ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან

ავარიის შედეგად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს ემშვიდობებიან

კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ კავთისხევის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაღუპულები არიან მახო ლელუაშვილი, ლერი ხიზანიშვილი და გურამ გოჩიაშვილი.

ერთ-ერთი გარდაცვლილის, მახო ლელუაშვილის მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„ეს ერთი გაცრეცილი ფოტო შემორჩა ჩვენი მთელი ცხოვრების მეგობრობას და და-ძმობას! ან სად გვეცალა ფოტოებისთვის?ჩვენი ყოველი შეხვედრა ხომ პატარა გიჟური, ბავშვური თავგადასავლები იყო!ვიცინოდით, ვიცინოდით, გვიხაროდა და რა გვიხაროდა ჩვენც არ ვიცოდით!გზად შევხვდებოდით ერთმანეთს და სად არ წავიდოდით. წამო იქ წავიდეთ, მოდი ეხლა იქ გავიაროთ!მოვედებოდით ღობე-ყორეს!ეხლა ნაყინს თუ არ მიყიდი, არსად წამოვალ!!!გაიჭედებოდა მაღაზიის კარებში!მერე იმაზე იცინოდა, დაინახე როგორ გვიყურებდნენ?სადმე თუ მივდიოდით, გზაში მარიგებდა: ეხლა იქ რამეს რომ შემოგვთავაზებენ, არ დაიწყო არ მინდა, ისე და ესე, შენ არ გინდა მე შევჭამ! მთავარია რამე გამოიტანონ!კარგი მეთქი, სიცილით ვეთანხმებოდი!გზადაგზა მომიყვებოდა თავის ოინებს კმაყოფილი სახით, ვიცინოდით, თან ვტუქსავდი:როდის უნდა მოგეცეს ჭკუა? არაფერი შენ არ გვეშველებააა!!!- შენ ხომ რას ამბობ? გეშველა რამე?შენი თავი ჭკვიანი ხომ არ გგონია?(ნახევრად სერიოზული სახით)მაგრამ ხო იცი, გიჟები კაი ხალხი ვართ, დააყოლებდა ბოლოს და ხითხითებდა!გზად ისე არ ჩაივლიდა, ერთი წამით მაინც არ შემოერბინა, სალამს შემომძახებდა, როგორ ხარო და გაიქცეოდა უკან მანქანისკენ, სხვისი მანქანით ვარ, მელოდებიანო!იმდენი რამე შემიძლია გავიხსენო, ვიცინო, ვიტირო, შენი ხსოვნა სამარადისოდ იქნება ჩვენთან!შეხვედრამდე ჩემო გადარეულო!“,- წერს მეგობარი.