Exclusive: "ასე თუ გაგრძელდა, ლაგოდეხში უდაბნოს მივიღებთ" - ადგილობრივები შოკისმომგვრელ კადრებს „პრაიმტაიმს“ უგზავნიან

​ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ ტყის მასივს ანადგურებენ, ჩეხავენ ასწლოვან ხეებს, სოფელ აფენში წყლის დონის კლებას ადგილობრივები სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ და დახმარებას ითხოვენ. ამ მიზნით, „პრაიმტაიმს“ თამარ ცაბუტაშვილი დაუკავშირდა და გაჩეხილი ტყის ამსახველი ვიდეო და ფოტო კადრები მოგვაწოდა.

როგორც ის ამბობს, ჭიაურის ტყესა და სოფელ აფენში ბრაკონიერების შემოსევაა. ის შიშობს, რომ ლანდშაფტი გადაგვარდება და გამწვანებული ლაგოდეხის ნაცვლად, გაუდაბნოებულ რაიონად იქცევა.

ამიტომ, თამარ ცაბუტაშვილი და ლაგოდეხის მცხოვრებლები ყურადღებას ითხოვენ.

„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ნაკრძალის მიმდებარედ, ასწლოვანი ხეების უკანონო ჭრა ჭიაურის ტყეში და სოფელ აფენში მიმდინარეობს.

აფენის მცხოვრებლების თხოვნით, მათ მიერ გადაღებულ ვიდეო კადრებს გიგზავნით, სადაც ჩანს, გაჩეხილი ჯანმრთელი ხეები. მე ამ ტერიტორიაზე ბავშვი ხშირად მიმყავს, სწორედ იმ მოტივით, რომ სუფთა, გამწვანებულ გარემოში ვასეირნო.

ხშირად ვაკვირდები ამ ადგილებს, რაც ვიდეოზეა ასახული და ჩასვლიდან ჩასვლამდე საგრძნობლად იზრდება განადგურებული ტყის მასივის მასშტაბი. თუ ასე გაგრძელდა, მალე ლაგოდეხი უდაბნოდ იქცევა.

აღნიშნული ტერიტორია პირვანდელ სახეს 3 000 წელია რაც ინარჩუნებს, ამ დრომდე არ მომხდარა ბრაკონიერების მიერ ასეთი სასტიკი ჩეხვა, ამჟამად კი, საშინელი ვითარებაა.

ადგილობრივებმა არ იციან, შეტყობინება სად გააკეთონ და ვის აცნობონ. ამიტომ მთხოვეს დახმარება, ხმა მიმეწვდინა მათთვის, ვინც ამ საკითხით დაინტერესდებოდა.

სოფელ აფენში ყვებიან, რომ ამ ადგილას ხალხი წყაროს გამო დასახლდა, სოფელს წყალი ამ გზით მიეწოდებოდა, ახლა ამბობენ, რომ წყალი საგრძნობლად შემცირდა და საკმარისი აღარ არის. ამ ფაქტს ტყის მასიურ ჩეხვას უკავშირებენ.

აფენის მოსახლეობის სახელით ვთხოვ ყველა კომპეტენტურ ორგანოს, გამოიჩინონ გულისხმიერება და გააძლიერონ გარემოს დაცვაზე მონიტორინგი. ამ ადგილებში - ჭიაურის ტყეში და აფენში ხერხვის ხმა გამუდმებით ისმის. მე რადგან პატარა ბავშვთან ერთად ჩავდივარ ხოლმე, გარკვეული საფრთხის გამო, ბრაკონიერებთან მისვლას ვერ ვახერხებ.

ამ ადგილებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება, რათა მართლა უდაბნოში არ აღმოვჩნდეთ. არავინ იფიქროს, რომ არაჯანმრთელი ნარგავების ჩეხვა მიმდინარეობს, სრულიად ჯანმრთელი ხეები იჩეხება და ნადგურდება ასწლოვანი უნიკალური ჯიშის ნარგავები." - ამბობს თამარ ცაბუტაშვილი.

„პრაიმტაიმმა“ ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიაწოდა. როგორც უწყებაში განმარტეს, ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტების აღმოფხვრის, ასევე პრევენციის მიზნით, მუდმივად ახორციელებენ 24-საათიან პატრულირებას.

განსაკუთრებულად გამკაცრებულია კონტროლი ალაზნის ჭალებში, სადაც ბოლო პერიოდში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენის შემდგომ, სატრანსპორტო საშუალებების დალუქვასა და შესაბამის საჯარიმო სადგომზე გადაყვანას ახორციელებენ.