„ადგილობრივები მზად არიან დაეხმარონ მაშველებს...“ - ახალი დეტალები ბაკურიანიდან, სადაც ზვავში მოყოლილ კაცს ეძებენ

ბაკურიანში ზვავში მოყოლილ კაცს ეძებენ

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი მამაკაცის ძებნა-შველის ოპერაცია დილიდან განახლდა. მაშველები დრონებით და ვერტმფრენით ცდილობენ თოვლის მასაში მიაგნონ დაკარგულ ადამიანს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივები, ხუთი ბურნით, შავი კლდის მიმართულებით მიდიოდნენ, ხუთიდან ოთხმა გაასწრო ზვავს და უსაფრთხო ადგილას გავიდა. ერთს ამ დრომდე ეძებენ.

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, ნუგზარ ქუთათელაძის განცხადებით, მაშველებმა სამძებრო სამუშაოები 07:00 საათიდან განაახლეს.

მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა გაზრდილია, ხოლო 20-მდე ადგილობრივმა სამძებრო სამუშაოებში ჩართვისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო სამსახურმა დაახლოებით 07:00 საათზე განაახლა სამუშაოები. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, შეასრულეს სამი რეისი, გადაიყვანეს მაშველები. გუშინდელთან შედარებით, მაშველები დამატებულია. ადგილობრივებმაც გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ დაეხმარონ მაშველებს, დაახლოებით 20 კაცამდე, მგონი, გადავიდნენ კიდეც, რომ მიეხმარონ მაშველებს. რელიეფი არ იძლევა სამუშაოების იოლად წარმოების საშუალებას. მარტის ბოლოს, ამინდი ისეთია, რომ ზვავსაშიშროება არსებობს", - განაცხადა ნუგზარ ქუთათელაძემ.