ბანკი

საზოგადოება • 1791629143

საქართველოს ეროვნული ბანკი: „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და ემსახურება საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობას

ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ეხმიანება სებ-ის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის ფაქტს და სრულად ემიჯნება აღნიშნულს. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკის მაღალი რეპუტაციული სტანდარტიდან გამომდინარე, საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ნანა ყეინიშვილის სებ-ის საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობიდან აცილების შესახებ გამოძიების დასრულებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენამდე.აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნანა ყეინიშვილი მოქმედებდა მარტო, რასაც ადასტურებს კომპანიის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული აუდიო ჩანაწერიც, სადაც ის თავად საუბრობს მისი გეგმებისა და მიზნების შესახებ. გარდა ამისა, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში არ განეკუთვნებოდა ნანა ყეინიშვილის საკურატორო მიმართულებას და შესაბამისად, მას ვერანაირად ვერ ექნებოდა გავლენა გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ნებისმიერი სუბიექტის შემოწმების პროცესი არის მკაცრად კონფიდენციალური. ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება შესაბამისი გუნდის გარდა, არც ერთ პირს, მათ შორის საბჭოს წევრებს. აქვე განვმარტავთ, რომ ნანა ყეინიშვილი იყო ეროვნული ბანკის საბჭოს არააღმასრულებელი წევრი, შესაბამისად არ მონაწილეობდა ყოველდღიურ აღმასრულებელ მართვაში და არ გააჩნდა ოპერატიული მართვის მანდატი.რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერ შპს „ბიტექსჩეინჯს“ დაჯარიმებას, აღნიშნული შემოწმება განხორცილდა გეგმიურად 2026 წლის თებერვალში. შესაბამისად, შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლის განცხადება, რომ დაჯარიმება უკავშირდება მის მიერ სებ-ისთვის მიწოდებულ ინფორმაციას, არის უსაფუძვლო და საზოგადოებისთვის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება.მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შპს „ბიტექსჩეინჯი“ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის წესისა და სხვა არაერთი დარღვევისთვის დაჯარიმდა.აქვე დეტალურად განვმარტავთ შპს  „ბიტექსჩეინჯ“-ის დაჯარიმების პროცედურასა და ისტორიას. 1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობის უხეში დარღვევასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა შპს „ბიტექსჩეინჯი“-ს (ს/ნ: 404595121)-ის შემოწმება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შესაფასებლად. შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევებისთვის კომპანიას ჯამში 572 118 000 ლარის, ხოლო კომპანიის ორ ადმინისტრატორს, თითოეულს, დამატებით 7 000 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა.კომპანიისთვის დაკისრებული ჯარიმების უდიდესი ნაწილი (572 033 000 ლარი) მომხმარებელთა იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების დარღვევას უკავშირდება. კერძოდ, კომპანიამ თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განახორციელა ოპერაციები ისე, რომ მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და მათი ვინაობის გადამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით არ ხორციელდებოდა. ხაზგასასმელია, რომ კლიენტის იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია სავალდებულოა თითოეული ოპერაციის განხორციელებისას, თანხის ოდენობის მიუხედავად. ამასთან, თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით კლიენტის ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული პროცესით, რაც კომპანიამ არ უზრუნველყო.აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი დარღვევები უკავშირდებოდა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნას - პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევას. აღნიშნული მოთხოვნების დაცვა წარმოადგენს პრევენციული ღონისძიებების აუცილებელ საფუძველს და მნიშვნელოვანია როგორც კლიენტთან, ისე ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების სათანადოდ შეფასებისა და მართვისთვის.ამასთან, „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად, პირისთვის, მათ შორის, კლიენტის სახელით მოქმედი პირისთვის, კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მოთხოვნების შესრულების გარეშე მომსახურების გაწევა მიეკუთვნება მძიმე დარღვევათა კატეგორიას. აღნიშნული კლასიფიკაცია მიუთითებს ამ მოთხოვნებისთვის მინიჭებულ განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მათი შეუსრულებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ ან პროცედურულ ხარვეზს, ვინაიდან მნიშვნელოვნად ზღუდავს კლიენტის ვინაობის დადგენის, მასთან დაკავშირებული რისკების შეფასების, განხორციელებული ოპერაციების მონიტორინგისა და საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის შესაძლებლობას.სწორედ დარღვეული მოთხოვნების ფუნდამენტური ხასიათი, მათი მნიშვნელობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, ასევე გამოვლენილი დარღვევების სიმძიმე და მასშტაბი განაპირობებდა კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული ფულადი ჯარიმის მოცულობას. შესაბამისად, სანქციის ოდენობა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი თანხობრივი გამოხატულების, არამედ დარღვეული ვალდებულებების არსისა და გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის გათვალისწინებით.2. აკრძალული და უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციებიშემოწმების ფარგლებში ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და თვითმომსახურების კიოსკების მეშვეობით განხორციელებული ტრანზაქციების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ვირტუალური აქტივის მიმღებ მისამართთან დაკავშირებით საჯარო წყაროებში, მათ შორის, Google-ის საძიებო სისტემის საშუალებით, იძებნებოდა ინფორმაცია აღნიშნული მისამართის Telegram არხის/ჯგუფის მეშვეობით სხვადასხვა აკრძალული ნივთიერებების  სავარაუდო რეალიზაციასთან შესაძლო კავშირის შესახებ. ამასთან, ტრანზაქციების ინტენსივობის, მსგავსი მახასიათებლებისა და მოცულობის გათვალისწინებით, ანალოგიური ხასიათის ტრანზაქციები ფიქსირდებოდა სხვა ვირტუალური აქტივის მისამართებზეც.3. ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში გარდა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისა, შემოწმების შედეგად ასევე გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები კომპანიის მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ელექტრონულ სისტემებში. კერძოდ, კანონმდებლობის შესაბამისად, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ შესრულებული ოპერაციები მის სისტემაში სრულად უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს აღრიცხული ინფორმაციის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედების ე.წ. „ლოგირება“ და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის სათავო ოფისიდან მათ შესახებ ინფორმაციის უმოკლეს ვადაში მოძიება და ამოღება. ამასთან მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა როგორც სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების გადამოწმების სისტემაში, რის გამოც ვერ დასტურდებოდა მომხმარებელთა სათანადო გადამოწმება, ისე საეჭვო და უჩვეულო ტრანზაქციების გამოვლენის სისტემაში. კერძოდ, არსებული ხარვეზები ხელს უშლიდა მაღალი რისკის ოპერაციების, მათ შორის, სხვადასხვა ბლოკჩეინზე განხორციელებული დაკავშირებული ტრანზაქციებისა და ვირტუალური აქტივის საფულეებს შორის კავშირების გამოვლენას. ამასთან, კომპანიამ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ წარუდგინა ანგარიშგება ორი საეჭვო ოპერაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ოპერაციებში იკვეთებოდა საეჭვოობის სხვადასხვა ინდიკატორი. აღსანიშნავია, რომ მოქმედი ჯარიმების წესის შესაბამისად, საეჭვო გარიგების შესახებ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარუდგენლობა და პროგრამულ (ელექტრონულ) სისტემებთან დაკავშირებული ხარვეზები მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დარღვევათა კატეგორიას.4. სებ-ისთვის არასწორი და არასრული ინფორმაციის წარდგენაგარდა ამისა, კომპანიამ საქართველოს ეროვნულ ბანკს შემოწმების ფარგლებში არასწორი და არასრული ინფორმაცია წარუდგინა. წარმოდგენილ მონაცემებში არსებულმა შეუსაბამობებმა და ინფორმაციის განმეორებით გამოთხოვის აუცილებლობამ შეაფერხა შემოწმების პროცესი. ამასთან, შემოწმების შედეგად ვერ დადასტურდა, რომ კომპანიის პროგრამული სისტემები, ადამიანური რესურსი და შიდა კონტროლის მექანიზმები შეესაბამებოდა მისი საქმიანობის მასშტაბს, ტრანზაქციების მოცულობასა და ვირტუალური აქტივების სექტორისთვის დამახასიათებელ რისკებს.დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების, ზედამხედველობას რისკზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 31 დეკემბრის №297/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩოს“ საფუძველზე ახორციელებს.ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტებისა და საქართველოს ორგანული კანონმდებლობის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებით ზედამხედველობა ხორციელდება რისკზე დაფუძნებული მიდგომით. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს, ერთი მხრივ, საზედამხედველო ყურადღების მომეტებული რისკის მატარებელ სუბიექტებსა და საქმიანობებზე კონცენტრირებას, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული საზედამხედველო რესურსების ეფექტიან გამოყენებას.აღნიშნული პრინციპებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს როგორც წინასწარ დაგეგმილ საზედამხედველო შემოწმებებს, ისე, შესაბამისი რისკის ან გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, არაგეგმურ (ე.წ. ad hoc) ინსპექტირებებს. აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში ამჟამადაც მიმდინარეობს რამდენიმე ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ადგილზე ინსპექტირება.მხოლოდ 2026 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯამში 51 საზედამხედველო სუბიექტი შემოწმდა, მათ შორის, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი შპს „ბიტექსჩეინჯი“. ამასთან, პარალელურად მიმდინარეობს სხვა საზედამხედველო სუბიექტების შემოწმებებიც, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემში არ არის ასახული. დასრულებული შემოწმებების შედეგად, სუბიექტების უდიდესი უმრავლესობის მიმართ გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად გამოყენებულ იქნა ფულადი ჯარიმები, რაც ასახავს საქართველოს ეროვნული ბანკის თანმიმდევრულ საზედამხედველო მიდგომას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიმართულებით.

შავი ჭირი

საზოგადოება • 1791575460

სად არის საქართველოში შავი ჭირისთვის ბუნებრივი კერები და რამდენად რეალურია საფრთხე - ინტერვიუ ეპიდემიოლოგთან

1921 წლის შემდეგ საქართველოში შავი ჭირი აღარ დაფიქსირებულა, თუმცა ორი ბუნებრივი კერა კვლავ არსებობს - რას ამბობს ეპიდემიოლოგი.- საქართველოში დღემდე არსებობს შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერა. სად მდებარეობს ისინი და რომელ მათგანშია უფრო აქტიური ცირკულაცია?- საქართველოში შავი ჭირის ორი ბუნებრივი კერაა. პირველი - ვაკე-მთისწინა, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთის კერა. იგი მოიცავს დედოფლისწყაროსა და გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიებს და დაკავშირებულია აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ზონებთან, მათ შორის იორისა და ალაზნის აუზის ლანდშაფტებთან. NCDC-ის მასალებში ამ კერის შემადგენლობაში ასევე მოხსენიებულია სიღნაღისა და სხვა მიმდებარე ტერიტორიებიმეორე - მაღალმთიანი, ანუ სამხრეთ კავკასიის მაღალმთიანი კერა. იგი ძირითადად ჯავახეთის ზეგანსა და სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან ტერიტორიებს მოიცავს - მათ შორის ნინოწმინდის, ახალქალაქის, დმანისისა და სხვა მიმდებარე რაიონების ნაწილებს.რაც შეეხება კითხვას, რომელია დღეს უფრო აქტიური: საჯაროდ ხელმისაწვდომი NCDC-ის მიმდინარე მონაცემები არ გვაძლევს საფუძველს, რომ 2026 წლისთვის ზუსტად დავასახელოთ ერთი კერა, როგორც მუდმივად „უფრო აქტიური“. თუმცა საქართველოს უახლესი, მკაფიოდ დოკუმენტირებული ეპიზოოტიური გააქტიურება სწორედ სამხრეთ-აღმოსავლეთის, დედოფლისწყაროს კერაში დაფიქსირდა: 2019 წელს, როდესაც ველურ მღრღნელებსა და რწყილებში Y. pestis გამოვლინდა და სულ 27 შტამი იქნა იზოლირებული. დროულმა აღმოჩენამ შესაძლებელი გახადა ადამიანებში შესაძლო გავრცელების თავიდან აცილება. ამრიგად, უახლესი ფართოდ დადასტურებული ეპიზოოტიური გააქტიურება საქართველოში სამხრეთ-აღმოსავლეთის, დედოფლისწყაროს კერაში აღირიცხა, მაგრამ ორივე ბუნებრივი კერა მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებს.- როგორ შეიძლება ადამიანი დაინფიცირდეს საქართველოში?- ადამიანის ინფიცირების ძირითად გზას წარმოადგენს ინფიცირებული რწყილის ნაკბენი, რომელიც Yersinia pestis-ის გადაცემის უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს. აღნიშნული გზა განსაკუთრებით დაკავშირებულია ბუბონური ჭირის განვითარებასთან და ითვლება დაავადების გავრცელების კლასიკურ მექანიზმად როგორც საქართველოში, ისე ენდემურ კერებში მსოფლიოს სხვა რეგიონებში.შედარებით იშვიათ შემთხვევებში ინფექციის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ინფიცირებული შინაური ცხოველი, მათ შორის კატა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას უვითარდება პნევმონიური (ფილტვისმიერი) ფორმა. ასეთ შემთხვევაში ადამიანის დაინფიცირება შესაძლებელია ინფიცირებული ცხოველის სასუნთქი გზებიდან გამოყოფილი ინფექციური აეროზოლის ან რესპირატორული წვეთების ინჰალაციის შედეგად.შავი ჭირის ფილტვისმიერი ფორმის დროს ინფექციის გადაცემა შესაძლებელია ასევე ადამიანიდან ადამიანზე, ინფიცირებული პირის სასუნთქი გზებიდან ხველისა და ცემინებისას გამოყოფილი ინფექციური წვეთების ინჰალაციის გზით. შესაბამისად, პნევმონიური ფორმა ხასიათდება ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პოტენციალით, რაც მას განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ მნიშვნელობას ანიჭებს.საქართველოში ადამიანის შავი ჭირით ინფიცირება ძირითადად შესაძლებელია ბუნებრივ კერაში ყოფნისა და ინფიცირებულ მღრღნელებთან ან მათ პარაზიტებთან კონტაქტის შედეგად. ინფიცირების უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს Yersinia pestis-ით ინფიცირებული რწყილის ნაკბენი, რომლის საშუალებითაც გამომწვევი მღრღნელიდან ადამიანს გადაეცემა.ნახეთ ინტერვიუ ვრცლად: - mkurnali.ge

აზერბაიჯანი საქართველო

პოლიტიკა • 1791464816

აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება 20-წლიანი ვადით გახანგრძლივდა

საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობოთაშორისი მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შედეგად, 20-წლიანი ვადით გახანგრძლივდა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება.ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სრული მოცულობა საქართველოს სოციალური გაზის სექტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული და შესაბამისად, წარმოადგენს ამ სექტორის უწყვეტი და სტაბილური მომარაგების გარანტიას.სამთავრობოთაშორისი შეთანხმება ასევე მოიცავდა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ქართულ სექციასთან დაკავშირებით საოპერაციო ხელშეკრულების გაფორმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Operation LLC-თან.ხელშეკრულებით განსაზღვრულია აღნიშნული მილსადენის არამარტო ფუნქციონირების და სატრანზიტო მარშრუტის შენარჩუნება, არამედ ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ოპერირების საკითხი."ეს იყო მეგობრული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მოლაპარაკებები ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან, რომელთანაც ურთიერთსასარგებლო შეთანხმებებს მივაღწიეთ.შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის 20-წლიანი ხელშეკრულებები ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის გაზის სოციალური სექტორით უწყვეტი მომარაგება, ასევე ელექტროენერგიის იმპორტი და ასევე, ტრანზიტი.ასევე, ხაზგასასმელია ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ეხება სტრატეგიულ მილსადენს ბაქო-სუფსას, რომელზეც ასევე 20 წლიან შეთანხმებას მივაღწიეთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული მილსადენი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ოპერირებდა, შესაბამისად, აზერბაიჯანული მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ოპერირებას გააგრძელებს, რაც ქვეყანას დამატებით შემოსავალს მოუტანს", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.

ნებიერიძე

პოლიტიკა • 1791360303

დავით ნებიერიძე: ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო - ეს არის სრული კატასტროფა

დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთან და რაც მთავარია, იმ მოდელზე, რა მოდელის პარტიასაც ქმნიან ახლა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" რა მოდელზეც აწყობენ, - ამის შესახებ პარტია "ახალის" წევრმა, დავით ნებიერიძემ განაცხადა.როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნებიერიძე განმარტავს, ჟორჟოლიანის განცხადება იმის შესახებ, რომ მას სურს, იყოს მიხეილ სააკაშვილის მენეჯერი, ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დააკოპირებს "ქართული ოცნების" მმართველობის მოდელს."ნანუკამ ასეთი რამ თქვა, რომ ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო. ეს არის სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ აქ არის აბსოლუტური თანხვედრა "ქართული ოცნების", როგორც პარტიის მოდელთან. ზუსტად მასეა "ქართულ ოცნებაში": ჰყავთ ერთი ბელადი, ერთი ლიდერი და დანარჩენი ყველანი განხილულები არიან უბრალოდ როგორც მენეჯერები და აბსოლუტურად გამოშიგნულია პარტია პოლიტიკოსებისგან. როგორც "ქართულ ოცნებაში" არ ჰყავთ პოლიტიკოსი და ყველა არიან ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების შემსრულებელი, ზუსტად იგივე მოდელის კოპირებას გულისხმობს ის, რაც თქვა ნანუკამ. ვისაც გინდათ გეწყინოთ, ვისაც გინდათ ნუ გეწყინებათ, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ თუ ეს უბრალოდ წამოცდენა, შეცდომა და ასე შემდეგ არის, ჯობია გაასწორონ ეს მოდელი და თუ არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ტრანსფორმაციის შედეგად იბადება მეორე "ქართული ოცნება", რისი ნიშნებიც ძალიან დიდი ხანია იყო, რომ მიშას გარეშე თქვენ არავინ და არაფერი არ ხართ, მიშას გარეშე ყველა ხართ ნულები და ა.შ. ზუსტად ეს არის "ქოცური" მოდელი, ეს არის რუსული მოდელი. ზუსტად ამ მოდელით არის შექმნილი როგორც "ქართული ოცნება", ასევე რუსეთში "ედინაია რასია". ზუსტად ეს მოდელი უზრუნველყოფს ტოტალიტარიზმს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ, ვისაც უნდა, რომ პოზიციონირებდეს ოპოზიციურ ფლანგზე. კატასტროფაა, რაც ნანუკამ თქვა და ფუნდამენტალური შეცდომაა," - განაცხადა ნებიერიძემ. 

ოქროსფერი რძე კურკუმით

რჩევები • 1790947260

ოქროსფერი რძე კურკუმით – ძილის მოსაწესრიგებელი საშუალება

ოქროსფერი რძე კურკუმით კლასიკური სასმელია, რომელიც მიწესრიგებს ძილს. ის იდეალურია ძილის წინ, რადგან აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.ინგრედიენტები:რძე (ნებისმიერი რძე: ძროხის, ნუშის ან ქოქოსის) – 250 მლ.;კურკუმა (ფხვნილი) – 1 ჩაის კოვზი;დარიჩინი – 1/2 ჩაის კოვზი;შავი პილპილი – ცოტაოდენი;კოჭა (სურვილისამებრ) – 1/2 ჩაის კოვზი;თაფლი – გემოვნებით (1-2 ჩაის კოვზი).მომზადების წესი:ჩაასხით რძე პატარა ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხლზე. რძე ნელა უნდა გაცხელდეს, მაგრამ არ უნდა ადუღდეს.დაამატეთ კურკუმა, დარიჩინი, შავი პილპილი და კოჭა (თუ იყენებთ). კარგად მოურიეთ, სანამ სანელებლები მთლიანად არ გაიხსნება რძეში.განაგრძეთ რძის გაცხელება, პერიოდულად ურიეთ, რომ თავიდან აიცილოთ კოშტების წარმოქმნა. მიიყვანეთ რძე გაცხელებამდე, მაგრამ არა ადუღებამდე, რათა შეინარჩუნოთ ინგრედიენტების სასარგებლო თვისებები.როგორც კი რძე საკმარისად გაცხელდება (მაგრამ არ ადუღდება), გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან.გააჩერეთ სასმელი რამდენიმე წუთით, სანელებლების არომატი სრულად რომ შეიწოვოს.საჭიროების შემთხვევაში, საწურში გადაწურეთ რძე დარჩენილი სანელებლების მოსაშორებლად.გემოვნებით დაამატეთ თაფლი, რათა სანელებლების სიმძაფრე შეარბილოთ და სასმელი უფრო ტკბილი გახადოთ.დალიეთ თბილი, ოქროსფერი რძე ძილის წინ. ეს სასმელი დაგეხმარებათ მოდუნებასა და ძილის გაუმჯობესებაში.წყარო

პრემიერი

პოლიტიკა • 1790926428

პრემიერი: ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა - სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, თვითმყოფადობისა მთავარი ღერძი

ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სახარებისეული ფასეულობები გახდა სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად აქცია."მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისში ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომლის მთავარი თემაა - ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში, წმინდა მოციქულთა ქადაგებით შემოვიდა, ხოლო 17 საუკუნის წინ გაკეთებულმა ისტორიულმა არჩევანმა შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი გზა. სახარებისეული ფასეულობები გახდა ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურის, თვითმყოფადობისა და ეროვნული ცნობიერების მთავარი ღერძი, რამაც საქართველო ევროპული ქრისტიანული სამყაროს განუყოფელ ნაწილად და მის ერთ-ერთ უძველეს შემოქმედად აქცია. საუკუნეების განმავლობაში, უდიდეს იმპერიათა და ცივილიზაციათა გზაგასაყარზე მყოფ ჩვენს სამშობლოს მართლმადიდებლურმა სარწმუნოებამ შემოუნახა თვითმყოფადობა. ამ უწყვეტ ჯაჭვში განუზომელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ჩვენი უდიდესი სულიერი და საზოგადო მოღვაწეების ღვაწლი”, - განაცხადა პრემიერმა.

გიგა ფარულავა

პოლიტიკა • 1790758920

გიგა ფარულავა: დღეს ჩატარებული ნებისმიერ კვლევა ობიექტური რეალობის გამომხატველი ვერ იქნება, როდესაც ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ, შეუძლებელია, კვლევა რეალობას ასახავდეს

იმ გარემოებაში, სადაც ქვეყანა და საზოგადოება არის, ვერავითარი კვლევები რეალურ განწყობებს ვერ ასახავს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.მისივე თქმით, კვლევა, რომელიც პარტიული დაკვეთითაა ჩატარებული, რეალობის ამსახველი ვერ იქნება.„წარმოდგენა არ მაქვს, ვის მიერ არის კვლევები ჩატარებული. ინფორმაცია არც გუშინ გვქონდა, არც დღეს და არც გვაინტერესებს. ხაზგასასმელია ის ფაქტორი, რომ იმ გარემოებაში, სადაც ქვეყანა და საზოგადოება არის, ვერავითარი კვლევები რეალურ განწყობებს ვერ ასახავს. მაშინ, როდესაც ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აკავებენ, შეუძლებელია, ეს კვლევები რეალობას ასახავდეს. შესაბამისად, არც გვაინტერესებს, ვის მიერ არის ჩატარებული. ეს კვლევები დღეს რომ ჩატარდეს, ობიექტური რეალობის ამსახველი ვერ იქნება.თუ ბოლო არჩევნების შედეგებს გადავხედავთ, მაშინ 1%-ს გვიწერდა და არჩევნებზე 8% მივიღეთ. ნებისმიერი დღეს ჩატარებული კვლევა, ობიექტური რეალობის ამსახველი ვერ იქნება, რადგან მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლების გამო ტროტუარზე აკავებენ. როგორ შეიძლება, კონკრეტული კვლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პარტიული დაკვეთითაა გაკეთებული, ობიექტურ რეალობას ასახავდეს“, – განაცხადა ფარულავამ.სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ სლაიდს, რომელზეც ასახულია IRI-ის კვლევის შედეგები. გავრცელებული სლაიდის მიხედვით, პარტიულ რეიტინგებში „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს; „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%. 2-2% აქვთ: იაგო ხვიჩიას პარტია „გირჩს“, ლეიბორისტულ პარტიას, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1-1 % აქვთ: ანა დოლიძის პარტიას „ხალხისთვის“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელს“ და „ხალხის პარტიას“. რეიტინგებში მოცემული არ არის „ლელო“ და „ფედერალისტები“.

ლევან მახაშვილი

პოლიტიკა • 1790756636

ლევან მახაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილის თითოეული შემდგომი წერილის მთავარი აზრი უნდა იყოს, ახსნას, საიდან მოიპოვა ამხელა დაუსაბუთებელი ქონება

როგორც ჩანს, ეს ადამიანი რაღაც საკუთარი პოლიტიკური ცხოვრების მემუარებს წერს, მოსახლეობამ განსაჯოს, რამდენად სწორია თუ არა სხვისი, მათ შორის სხვისი წარმატებების საკუთარ თავზე მიწერა,- ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა, საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, მას პოლიტიკური მემუარებისთვის მეტი დრო აქვს და შეუძლია, წეროს.„მთავარი კითხვაა, საიდან გაჩნდა უამრავი დაუსაბუთებელი ქონება მის სახლში?,  ეს არის მთავარი კითხვები, რაზეც პასუხი უნდა გაეცეს. თორემ, თუ მას აქვს სურვილი, რომ თავის მოსახლეობას ესაუბროს იმაზე, თუ რა მიღწევა ჰქონდა, რა პოლიტიკური კარიერა გაიარა, ეს მისი მემუარების საქმეა და წიგნის საქმეა. მთავარი კითხვები საზოგადოებაში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია – საიდან გაჩნდა დაუსაბუთებელი ქონება მის სახლში, სახლებში. სხვათა შორის, ეს თავადაც აღიარებული აქვს და სწორედ ამის გამო იხდის სასჯელს. ამიტომ, სხვა თემებზე ნუ გადავა, მით უმეტეს, ტრაბახს და კვეხნას ნუ დაიწყებს საკუთარი განვლილი ცხოვრებით. მით უმეტეს, რომ ამ საქმეს ზედმეტად აზვიადებს. მისი თითოეული შემდგომი წერილის მთავარი აზრი უნდა იყოს და მოლოდინიც საზოგადოების ის არის, რომ ახსნას, საიდან მოიპოვა ამხელა დაუსაბუთებელი ქონება“, – განაცხადა მახაშვილმა.

ბანკი

საზოგადოება • 1790752659

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა

საქართველოში ახალი, შემეცნებითი საბავშვო ანიმაციური სერიალის, „მარგო და კირას“ წარმოება მიმდინარეობს. პროექტი სტუდია „გარნამატაკის“ მიერ, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობით იქმნება. 5-11 წლის ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული შერეული ანიმაციური სტილის პროექტი თავიდან ბოლომდე ადამიანების ხელით იქმნება.პროექტის საჭიროება დღევანდელი რეალობიდან გამომდინარეობს, რადგან საკმაოდ ჭარბობს ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სინთეტიკური კონტენტი, რაც  კვლევების თანახმად,  ბავშვების აღმასრულებელ ფუნქციებზე ნეგატიურად მოქმედებს და აფერხებს განვითარების ფუნდამენტურ პროცესებს. „მარგო და კირა“ სწორედ ამ დეფიციტს ავსებს და ნორჩ მაყურებელს ხარისხიან, მეცნიერულად გამყარებულ ალტერნატივას სთავაზობს, რომელიც მათ ემოციურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას ემსახურება.პროექტზე ქართული 3D ანიმაციის ლიდერი სტუდია „GARNAMATAC“ მუშაობს, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის Nickelodeon-თან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. პროექტის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერია ოთო შამუგია, სტუდიის ხელმძღვანელი და ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის კანდიდატი ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში, რომლის კვლევაც გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ნეიროფსიქოლოგიურ ზეგავლენას ეხება. ხმის დიზაინსა და მუსიკაზე „ჰეიმა პროდაქშენი“ მუშაობს.პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მიერ.“სერიალი ორ არაიდენტურ ტყუპისცალ მელიაზე მოგვითხრობს, რომლებიც ხეზე აგებულ სახლში უცხო არსებასთან ერთად ცხოვრობენ. ყოველ ეპიზოდში ისინი ახალი ექსპერიმენტებითა და პრობლემების გადაჭრით შეიცნობენ სამყაროს. სერიალს ორიგინალური ფორმატი აქვს. მისი ერთ-ერთი პერსონაჟი (უცხო არსება) რეალური ქართველი ბავშვების ინტერვიუებისა და ფოკუს-ჯგუფების საფუძველზე, მათი წარმოსახვის შესაბამისად ვითარდება”, - ამბობს სტუდია „GARNAMATAC“-ის ხელმძღვანელი, ოთო შამუგია.სერიალის პირველი სეზონი 7 ეპიზოდისგან შედგება. იგი შერეული (mixed-media) 3D და 2D ანიმაციური სტილით, ქართულ ენაზე იქმნება და საოჯახო კონტენტია.“საქართველოს ბანკის, როგორც გენერალური სპონსორის მხარდაჭერა პროექტისადმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბანკის მიზანს - ხელი შეუწყოს მომავალი თაობის განათლებას, ჯანსაღ განვითარებასა და ხარისხიანი ქართული კონტენტის შექმნას”, - აღნიშნავენ ბანკში

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკა • 1790662252

VIDEO: „სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო და ბუნებრივია, რომ ის არ შეაგინებს მელიას, ის რჩება პოლიტიკურ სიმაღლეზე“ - თაკო ჩარკვიანი

„სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო და ბუნებრივია, რომ ის არ შეაგინებს მელიას, ის რჩება პოლიტიკურ სიმაღლეზე...“, -  ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა,  თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

დავით  ნებიერიძე

პოლიტიკა • 1790661170

VIDEO: თუ მელია ციხეში მიშას აგინებს, კეთილი ინებოს და იქვე გასცეს პასუხი, თუ არა გაქვს თავი პასუხის გაცემის, მაშინ გაჩუმდი - დავით ნებიერიძე

„თუ მელია ციხეში მიშას აგინებს, კეთილი ინებოს და იქვე გასცეს პასუხი, თუ არა გაქვს თავი პასუხის გაცემის, მაშინ გაჩუმდი, მე არ ვიცი იქ რა ხდება, ამ იწილო - ბიწილოს გარცევის დროა?!...“, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა, დავით ნებიერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.  

ევროკავშირი

მსოფლიო • 1790610972

ევროკავშირმა რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირებისთვის ახალი საგანგებო პროტოკოლის განხილვა დაიწყო

ორშაბათს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა პირველად იმსჯელეს უსაფრთხოების ახალ საგანგებო პროტოკოლზე. ინიციატივა ითვალისწინებს ერთობლივი მოქმედებებისა და პასუხების შემუშავებას რუსეთის მხრიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის დივერსიებზე, საჰაერო სივრცის დარღვევებსა და ხანძრის გაჩენის დივერსიულ ფაქტებზე.„მინისტრებს პირველი შესაძლებლობა ჰქონდათ, აზრები გაეცვალათ უსაფრთხოების ახალი საგანგებო პროტოკოლის იდეასთან დაკავშირებით. ასეთი მექანიზმი უზრუნველყოფს კოორდინაციას „რუხ ზონაში“ განხორციელებულ შეტევებზე რეაგირებისთვის“, - განაცხადა კაია კალასმა.ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს დივერსიების, ხანძრების გაჩენისა და საჰაერო სივრცის დარღვევის მრავალრიცხოვან შემთხვევებს.„ევროკავშირის მხრიდან დამნაშავეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და რუსი დიპლომატების გაძევება შედეგს იძლევა, თუმცა უნდა ვიფიქროთ, კიდევ რისი გაკეთება გვმართებს. რა თქმა უნდა, ხაზგასასმელია, რომ ეს ავსებს ნატოს მექანიზმებს და ევროკავშირს რუსეთის ჰიბრიდულ შეტევებზე უფრო მტკიცე პასუხის გაცემის საშუალებას აძლევს“, - დასძინა მან.კალასის განმარტებით, ეს იყო „პირველი, ძალიან საწყისი ეტაპის დისკუსია“, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ წევრ ქვეყნებთან მსჯელობა სხვადასხვა დონესა და ფორმატში, მათ შორის ბრიუსელში დიპლომატების დონეზე, გაგრძელდება.ცნობისთვის, ევროკავშირი ამზადებს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც რუსეთს ევროკავშირის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ განსაზღვრავს. მანამდე დანიურმა დაზვერვამ გააფრთხილა მოკავშირეები, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში რუსეთი ჰიბრიდული ხასიათის შეტევების გაძლიერებას გეგმავს.

✕