გიგა ფარულავა

პოლიტიკა • 1790584669

გიგა ფარულავა: ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ

ფაქტია, მაჭავარიანს დაუწერეს და დაადებინეს სისულეების კორიანტელი, რაც საზოგადოებამ წაიკითხა. ამით ცდილობენ, მედიაპროპაგანდა ააგორონ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.მისი თქმით, თავისი დაწერილი თუ არის, მაშინ ჯანმრთელობის ფასი ნამდვილად არაფერია და ვუსურვებ, დროულად მიმართოს შესაბამის უწყებას.„რაც შეეხება წერილში მითითებულ აბსურდულ სისულელეებს და ბრალდებებს რასაც წერს, ჩაიხედონ თავიანთ გუნდში. ვის „ნაცობაზე“, ან რა 4 ოქტომბერზე საუბრობენ, როდესაც მათი პოლიტიკური გუნდი, როგორც ყოფილი, ისე მოქმედი, სავსეა „ნაცებით“. ასევე, თავის ეპისტოლეში, თუ წერილში საუბრობს ლგბტ პროპაგანდაზე. მიმოიხედონ გარშემო და ჩაიხედონ თავიანთ გულებში, ლგბტ თემის თუ პროპაგანდის ყველაზე მეტი წარმომადგენელი გუნდში ჰყავთ. 4 ოქტომბერს რაც შეეხება, თვითონ დაგეგმეს. ამაზე არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მამუკა მდინარაძემაც ისაუბრა რამდენიმე თვის წინ, როდესაც „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა, როგორ მართეს 4 ოქტომბრის პროვოკაციული და რევოლუციური სცენარები. შესაბამისად, ამ წერილების წერას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ. რაც ამ კონკრეტულ წერილში წერია სისულელეა პირველიდან დაწყებული, ბოლო პუნქტამდე. დღეს, ქვეყანაში თუ რამე არსებობს მანკიერი როგორც პოლიტიკურ, ასევე ადმიანურ დონეზე, ამ ყველაფრით „ქართული ოცნებაა“ სავსე“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების უდიდესი უმრავლესობა უცხო ძალების მორჩილებაში მყოფი აგენტურული ჯგუფია, რომელსაც „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებთ. ისინი ერთი ვერტიკალით იმართებიან“. მისივე თქმით, „როდესაც 2021 წლის არჩევნების შემდეგ გახარიამ ღიად და დაუფარავად ოთხ მუნიციპალიტეტში „ნაცებთან“ ერთად კოალიციები შექმნა, მისი „კოლექტიური ნაცობა“ იმდენად გამოაშკარავდა, რომ უცხოელ პატრონებს რაღაც რადიკალურად უნდა შეეცვალათ. 2024 წლის უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის აგენტურის კონფიგურაციის მორიგი გადალაგება დაიწყო. „ლელო“ და „გახარიას პარტია“ მაქსიმალურად უნდა გაემიჯნათ „კოლექტიური ნაცებისგან“ და მათი მეშვეობით ე.წ. ნეიტრალური და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი უნდა მოეზიდათ“.

ირაკლი კობახიძე

პოლიტიკა • 1789634354

ირაკლი კობახიძე: დისკომფორტია, როცა ყოფილი პრემიერი ხვდება ციხეში, ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით

დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები მამუკა მდინარაძის თანამდებობიდან წასლვას, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის.„თქვენ თუ გჯერათ, რომ მამუკა მდინარაძე ღარიბაშვილის ნალაპარაკევის გამო წავიდა პოლიტიკიდან, ეს თქვენი პრობლემაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, კორუფცია არის ძალიან ცუდი, როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავს.„დისკომფორტი არის ის, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში კონკრეტული ბრალდებით. ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტია და ეს დისკომფორტი შეუქმნა ჩვენს გუნდს ღარიბაშვილმა. კორუფციის ბრალდებით მას მოუწია ციხეში წასვლა. უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, რომ მას არ ჰქონოდა ასეთი საქმიანობა წარსულში, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, დისკომფორტი იქნებოდა ნაკლები. მე კიდევ ერთხელ მინდა ერთი რამ აღვნიშნო – კორუფცია არის ძალიან ცუდი  და როდესაც ადამიანს აქვს წაყენებული კორუფციასთან დაკავშირებით ბრალდება და როდესაც ეს ბრალდება არის შემდეგ დადასტურებული, ამას ვერანაირად ვერ ჩამოირეცხავ განცხადებებით თუ წერილებით, ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარ წარსულზე. კორუფცია არის ცუდი და ყველამ უნდა შეიგნოს, რომ კორუფცია არის ცუდი. შესაბამისად, კორუფციას ვერავინ გადაფარავს ვერც წერილებით, ვერც განცხადებებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან ბევრმა დაიწყო რაღაცების საუბარი, განცხადებების გავრცელება, მაგრამ იმდენად სუფთად მუშაობს ხელისუფლება მთლიანობაში, რომ არცერთ ასეთ მცდელობას არ ჰქონია არავითარი წარმატება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმდენად სუფთად მუშაობს გუნდი, პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის სახით, რომ ასეთ საუბრებს არასდროს არ ჰქონია რაიმე შედეგი. მიზეზი არის ერთადერთი, რომ გუნდი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მუშაობს ძალიან სუფთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1789625863

ლევან მაჭავარიანი: მეტი დეტალი თუ არის, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, იყო მესამე, მეოთხე, მეხუთე წერილი, რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე

არანაირ კავშირში არ არის, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, სულ რაღაც ხდება და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მოვლენა შეიძლება დაუკავშირო პოლიტიკოსის პოლიტიკიდან წასვლას, – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, რატომ დაემთხვა დროში მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილება აგვისტოს ბოლოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმეთვიანი პატიმრობის და მანამდე, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების შემდეგ დაარღვია დუმილი და ვნახეთ მისი რამდენიმე წერილი ციხიდან, სადაც პირველად, მან სწორედ მამუკა მდინარაძე ახსენა, შემდეგ კი იყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის კრიტიკა, მაგრამ ძირითად სამიზნედ იქცა სწორედ მამუკა მდინარაძე, რადგან ის საუბრობს, რომ კონკრეტული წერილი, სადაც მას სთხოვდნენ კორუფციული ბრალდების აღიარებას, გაუგზავნა მამუკა მდინარაძემ, რომ ხელისუფლებამ მას დაუგო მახე, მოუწყო პროვოკაცია და ა.შ.„ბატონ ღარიბაშვილზე ძალიან ბევრჯერ მომიწია კომენტარის გაკეთება და არ მინდა, ვინმეს შთაბეჭდილება დავუტოვო, რომ რაღაც პირადი მამოძრავებს ირაკლი ღარიბაშვილთან. ერთი წამითაც არ მინდა, ვინმემ ასეთი რამ იფიქროს. არ ვიცოდი, თუ თქვენთანაც ამ თემის გაშლა მოგვიწევდა. ირაკლი ღარიბაშვილის პირველი წერილი, რომელზეც იგი ამბობდა, რომ მამუკა მდინარაძის გაგზავნილი იყო, თუ ის წერილი რეალურად ვიღაცამ დაწერა, მინიმუმ, პირველ პირში იმ ფორმით იყო დაწერილი, რომ მისი ძალიან ახლობელი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ანუ, აქ ფაქტობრივად, აბსურდთან გვაქვს საქმე, ვერ იქნებოდა ეს მამუკა მდინარაძის დაწერილი. რაც შეეხება მეორე წერილს, სადაც იგი ამბობს, რომ არაფერი არ ჩაუდენია და გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე აღიარა დანაშაული, რომელიც თურმე არ არსებობდა, აქაც აბსურდთან გვაქვს საქმე, ხომ? ვიხილეთ მისი ბინიდან ამოღებული ეს თანხები და დანარჩენი, რაც ვიხილეთ. ანუ, წარმოვიდგინოთ, რომ გუნდი ეუბნება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ახლა ჩვენ გვჭირდება, რაღაც ბრალი გამოვიგონოთ, შენ თავზე აიღო ეს ბრალი, ხელი მოაწერო და ხუთი წლით წახვიდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რეალური შეიძლება იყოს რომელიმე განზომილებაში ის, ახლა რაზეც ვსაუბრობ?“ – განაცხადა მაჭავარიანმა.მისი თქმით, იყო მესამე, მეოთხე და მეხუთე წერილიც და საზოგადოებას გაუჩინეს მოლოდინი მეტი დეტალის შესახებ. „თუ რაღაც მეტი დეტალი არის, როგორც იგი საუბრობს და საზოგადოება რომ რაღაც მოლოდინში იყო და, პირველ რიგში, აგენტურული ოპოზიცია რომ არის დამწკრივებული, მესამე წერილი იყო, მეოთხე წერილი იყო, მეხუთე წერილი და რამე ნახეთ იმ წერილებში? ანუ, აბსურდთან გვაქვს საქმე, ადამიანის სიკვდილით სპეკულაციასთან გვაქვს საქმე და მერე დავით გარეჯის საკითხი იყო. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის კოორდინაციით მოხდა თავიდან ბოლომდე იმ რუკების საქართველოში დაბრუნება. იგი უძღვებოდა მთლიანად ამ პროცესს. რა იხილეთ მესამე, მეოთხე ან მეხუთე წერილში? აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი აბსურდი და არ ვიცი, გამოვიდეს კიდევ მეექვსე წერილი და რას წაიკითხავთ და რას ამოიკითხავთ, ვნახოთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ ირაკლი ღარიბაშვილზე ხორციელდებოდეს ზეწოლა, რომელზეც ის საუბრობს, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რომ აბსოლუტურად გამორიცხავს.„აბსოლუტურად გამორიცხავ. ამ შემთხვევაში ძალიან საეჭვოდ, იცით, რა ემთხვევა? საეჭვოდ ემთხვევა ის, რომ ბრალის წარდგენამდე ორი დღით ადრე აქვეყნებს იგი ამ წერილს და თანამშრომლობდა ბატონი ბურჭულაძე, ხომ? ვიცით მათი ურთიერთობა, და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი. ანუ, ვერ გაჟონავდა ინფორმაცია, რომ ბურჭულაძე თანამშრომლობდა და ახალ ბრალს წარუდგენდნენ ბატონ ღარიბაშვილს? მე ლოგიკურად მხოლოდ ამ ჯაჭვს ვაწყობ. საზოგადოებამ განსაჯოს, ჩემი ლოგიკა კი მხოლოდ ამას მკარნახობს, რომ მან იცოდა, კი ბატონო, ინფორმაცია თავისთავად გაჟონავდა, ყოფილი პრემიერ-მინისტრია, მისი მეგობარი, ასევე ყოფილი მინისტრი აპირებდა მის წინააღმდეგ თანამშრომლობას, ჩვენების მიცემას, უკვე ეს პროცესი დაწყებული იყო და მან თავისი გადმოსახედიდან სამართლებრივი საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა, პოლიტიზება სცადა საკითხის. ლოგიკა ამას გვკარნახობს და ხუთივე წერილი ამას გვკარნახობს. მე სხვა იმ წერილში ვერაფერი ამოვიკითხე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

მამუკა მდინარაძე

პოლიტიკა • 1789378831

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

ყოფილ ვიცე-პრემიერსა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მიიღო.მთავრობის განკარგულება, რომლითაც ეს საკითხი რეგულირდება 8 სექტემბრითაა დათარიღებული, თუმცა ის მთავრობის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 4¹ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრს - მამუკა მდინარაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა”,- ნათქვამია დოკუმენტში.

გიგა ფარულავა

პოლიტიკა • 1789374323

გიგა ფარულავა: ხელისუფლებას ბარამიძის განცხადებები სამართლებრივ ჭრილში თუ გადაჰყავს, არანაკლებ მძიმე დანაშაული აქვთ კობახიძეს, მდინარაძეს და იმ ადამიანებს, ვინც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ

„ქართულ ოცნებას“ ბარამიძის პოლიტიკური განცხადებები სამართლებრივ ჭრილში თუ გადაჰყავს, არანაკლებ მძიმე დანაშაული აქვთ კობახიძეს, მდინარაძეს და იმ ადამიანებს, ვინც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის საზიანოდ მოქმედებს.„გიორგი ბარამიძის განცხადება უმძიმესი პოლიტიკური დანაშაულია და მან ამისთვის პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. „ოცნებას“ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში თუ გადაჰყავს, პირველ რიგში, მის გვერდში თავად იაგო ხვიჩიაც უნდა იჯდეს. ვინც ეს გადაცემა ჩაიწერა, გაავრცელა და ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა. ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, ეს იყო დამონტაჟებული გადაცემა, რომელიც დღემდე ინტერნეტსივრცეში დევს. მათი განვითარებული ლოგიკით, რატომ არის დღესაც ხელმისაწვდომი მასალა მთელი ინტერნეტსივრცისთვის და საზოგადოებისთვის? – „ოცნებას“ ბარამიძის კონკრეტული განცხადება როდესაც სამართლებრივ ჭრილში გადაჰყავს, მინდა, პარალელი გავავლო და ვთქვა, რომ არანაკლებ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს, „ოცნების“ იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს დღემდე ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. დღეს იქნება თუ ხვალ, მათ აუცილებლად მოუწევთ უმკაცრესი პასუხისგება იმ ქმედებებისთვის, რაც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გააკეთეს.„ოცნება“ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალი წარუდგინეს ქართულ ტერიტორიაზე, ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით. ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, არამედ თავიანთი ქმედებებით, სამართლებრივ საფუძველს აძლევენ საოკუპაციო რეჟიმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

გიორგი შარაშიძე

პოლიტიკა • 1788337418

გიორგი შარაშიძე: ღარიბაშვილს თუ ჰგონია, „ჩაშვებების“ სერიით, რომელიც მან დაიწყო, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება

ირაკლი ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად ჩამოყალიბდა „ქართლი ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ქართველი ხალხის უმრავლესობით მოვიდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.მისი თქმით, მოღალატეობრივ ქმედებებს ადგილი განსაკუთრებით ბოლო ექვსი წლის მანძილზე ჰქონდა.„ღარიბაშვილს თუ ჰგონია, ამ „ჩაშვებების“ სერიით, რომელიც მან დაიწყო, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება. მთავარი ისაა, რომ არა მხოლოდ ღარიბაშვილი, არამედ მდინარაძე და კობახიძე მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო მკაცრად იქნებიან გასამართლებული და დასჯილი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების, თუ ახალი ხელისუფლების პირობებში. მათ მკაცრი სასჯელი ქართველი ხალხისგან და მათ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან ელით, ამ სასჯელისთვის სამივე უნდა მოემზადონ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.მისი თქმით, იმ პარტიისგან, სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა ყოფილიყო.„რაც შეეხება „ოცნებაში“ დარჩენილი სხვა წევრები ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, ქართველი ხალხი ვერ ხვდება, რომ იქ ანგელოზი არავინაა – როდესაც მათი ლიდერები ასეთი დამნაშავეები არიან თავად რით განსხვავდებიან. იმ პარტიისგან, სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა გვქონოდა? ეს ის სამწუხარო რეალობაა, რასაც ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ჩაშვებების და დასმენების ახალი სერიებით ვხედავთ. რაც შეეხება თვითმკვლელობებს, რა თქმა უნდა, ამას თავისუფალი და სამართლიანი გამოძიება სჭირდება. ერთადერთი, რაც შემიძლია, თვითმკვლელობების შესახებ გითხრათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ არა თუ არაფრით განსხვავდებიან, ერთმანეთზე უარესები არიან. კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარი არაერთი თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, ამ სიას ემატება „ოცნების“ პერიოდში ასევე გამოუძიებელი და ბურუსით მოცული თვითმკვლელობები. სამწუხარო რეალობაა, ბევრ რამეში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას როგორ აგრძელებს „ოცნება“. „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უკვე არანაირი სხვაობა არ არის და ისინი ერთმანეთზე უარესები არიან, სამწუხაროდ, ეს თვითმკვლელობებიც არ არის გასაკვირი. რა გზასაც ადგა და რა ხელწერაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმავეს „ოცნება“ აგრძელებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ლაშა ფარულავა

პოლიტიკა • 1788172371

ლაშა ფარულავა: ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, ესენი არიან „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატია და სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენეს

ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის „ქართული ოცნება“ და მისი ბანდიტური დანაყოფი. ახლა ვხედავთ მაჭავარიანის გააქტიურებას, ვინაიდან დაკარგა თავისი პოლიტიკური მამა და პროტექციონისტი – მამუკა მდინარაძე აღარ არის პოლიტიკაში. მას გაუჭირდება „ქართულ ოცნებაში“ ფეხის მოკიდება და, შესაბამისად, ახლა ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ ლევან მაჭავარიანის პოსტთან დაკავშირებით განაცხადა.ფარულავას თქმით, კოლექტიური „ქოცები“ თავს ესხმიან ოპოზიციას, რომელიც რეპრესიისა და ტერორის ქვეშაა.„მაჭავარიანები, ეს კოლექტიური „ქოცები“ თავს ესხმიან ოპოზიციას, რომელიც არის რეპრესიისა და ტერორის ქვეშ და, რა თქმა უნდა, აგრძელებს ბრძოლას. ბრძოლა არა მხოლოდ ბოლომდე გაგრძელდება, არამედ დასრულდება გამარჯვებით და ამას იხილავს ქართველი ხალხი. ვინმეს თუ ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ქართველ ხალხს რეპრესია და ტერორი მოუწყო. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვას აპირებს საკონსტიტუციო სასამართლოში; სასამართლოში, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და უკვე ეს ავთენტური მტკიცებულება შექმნა ღარიბაშვილმა. ამ ქვეყანაში თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წევრები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის დემოკრატია, სახელმწიფოებრიობა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენეს, ამ საფრთხის არიდებას ცდილობს ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიცია“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.ლაშა ფარულავა ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს მთელი საერთაშორისო საზოგადოება.„არ დაგავიწყდეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების გატარების გამო დღესაც არის აშშ-ის მხრიდან სანქცირებული. დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის სანქციები აქვთ „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებს, ისინი არ არიან საქართველოს მთავრობის წევრები, ისინი არიან „ოცნების“ და ივანიშვილის მთავრობის წევრები. ჩვენ ამ ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის ვიბრძვით. ამ ბრძოლის ფასს, მათ შორის, პატიმრობით იხდის პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჩვენი ორგანიზაციის თბილისის ლიდერი ირაკლი ნადირაძე. ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ, ვიქნებით არა მხოლოდ ბოლომდე, არამედ გამარჯვებამდე. რაც არ უნდა რეპრესია, ტერორი მოგვიწყოს რუსულმა ოცნებამ, ჩვენ ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე, გამარჯვებამდე, ვინაიდან ეს არის ჩვენი ქვეყანა და ამ ქვეყანას არავის დავუთმობთ, საქართველო არ და ვერ გარუსდება“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.„ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში დაწერა: „აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები. უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენ კი, ქართველ ხალხთან ერთად, ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო, ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის“.

ნინო წილოსანი

პოლიტიკა • 1788172318

ნინო წილოსანი: მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება

ჩემთვის, როგორც მეგობრისთვის და თანამებრძოლისთვის, მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დასანანი იყო, მაგრამ მის პოზიციას პატივს ვცემთ. მას წარმატებას ვუსურვებ, პოლიტიკიდან მისი წასვლა დიდი დანაკარგი იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.მისი თქმით, მდინარაძეს გუნდისთვის ბევრი რამ აქვს გაკეთებული.„ის ფაქტი, რომ, მამუკა მდინარაძის ფაქტორიდან გამომდინარე, სამთავრობო სტრუქტურა კონკრეტულ ცვლილებას გადიოდა, ეს პრემიერ-მინისტრის თქმითვე იყო დადასტურებული, რომ სწორედ მის ფიგურას, მის გამოცდილებას და კომპეტენციებს უკავშირდებოდა. შესაბამისად, გასაკვირი არაფერია, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლის და თანამდებობის დატოვების შემდეგ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდება. სამინისტროების გაერთიანებას მივესალმები, რადგან ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტრო ერთად უფრო ქმედითი იყო. სამინისტროს გაყოფის შემდგომ პროცესმაც დაგვანახა, რომ ამ კუთხით ეფექტიანობა არ გაზრდილა, ამიტომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, რომ სამინისტროები ისევ გაერთიანდეს, ალბათ უფრო მოქნილი სისტემის შექმნას უკავშირდება. სხვადასხვა მიმართულებით, ეს იყო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია თუ რეგიონული განვითარების კუთხით კოორდინაციის ფუნქცია, იმდენად დიდი დატვირთვის იყო, რომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თავის დროზე ეს პოზიცია მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მისი პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ალბათ ამ მასშტაბის ადამიანი, რომელიც ასეთ კოორდინაციას გაუწევს, ამ ეტაპზე აღარც იქნება მოაზრებული. თითოეული მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც აღნიშნულ სამინისტროს ექნება დაკისრებული“, – განაცხადა წილოსანმა.

შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1788165409

შალვა პაპუაშვილი: პატივს ვცემ მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებას, ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ

მამუკა მდინარაძემ პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, მამუკა მდინარაძემ თავად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რატომ მიიღო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება.„მან სხვა ინსინუაციები თავად გამორიცხა, რომელიც შეიძლება, მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი, ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა და შესაძლებლობა გქონდათ, მისგან გადაწყვეტილების ახსნა პირადად მიგეღოთ. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური, თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ. არასდროს იქნებოდა ადრე ან გვიან. გადაწყვეტილებები მიღება მაშინ, როცა მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი დრო არ არსებობს. ადამიანი მაშინ იღებს გადაწყვეტილებას, როდესაც ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მომწიფებულია. გარედან ამას ვერავინ შეაფასებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა • 1788162345

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროები გაერთიანდება და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სავარაუდოდ, აღარ შეიქმნება - პაპუაშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროები გაერთიანდება და ცალკე, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.პაპუაშვილის განმარტებით, მთავრობა ახალი პოსტის შექმნის თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტიდან გაიწვევს და მის ნაცვლად, ახალ ცვლილებებს წარადგენს, რომელსაც პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში განიხილავს.შალვა პაპუაშვილის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან წავიდა, ახალი პოსტის შექმნის საჭიროება აღარ არსებობს.„მსჯელობა მიდის და სავარაუდოდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება მოხდება. მგონი, თავიდანვე ითქვა, რომ ის ამოცანები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის სახით პრემიერ-მინისტრმა მამუკა მდინარაძეს დააკისრა, იყო მისი პირადი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მან ეს ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულა, ეს სისტემა კარგად არის აწყობილი. იყო სურვილი, რომ კოორდინაციის თვალსაზრისით, იგივე რეგიონული მიმართულებითაც გაკეთებულიყო. იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძემ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წასულიყო, ეს საჭიროება აღარ დგას. ამ თანამდებობის შექმნა სწორედ მამუკა მდინარაძის შესაძლებობებიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული. ამას პოლიტიკური გამოცდილება სჭირდება, რაც განსაკუთრებულად მამუკა მდინარაძეს ჰქონდა. სამართალდამცავი უწყებების მიმართულებით მისი საქმიანობა ამის ყველაზე კარგი დასტურია. რა თქმა უნდა, ამ პოსტის შექმნა მამუკა მდინარაძის გამოცდილებიდან, წონიდან და ცოდნიდან გამომდინარე იყო ჩაფიქრებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.27 აგვისტოს მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.შეგახსენებთ, 29 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნებოდა რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებდა, სექტემბერში კი გაუქმდებოდა რეგიონული განვითარების სამინისტრო. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნამდე მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ლევან მაჭავარიანი

პოლიტიკა • 1787926200

ლევან მაჭავარიანი: მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

მამუკა მდინარაძეს ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობისა და პოლიტიკის დატოვების შესახებ.მისივე თქმით, მამუკა მდინარაძე თავის სამშობლოს, თავის გუნდს წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურებოდა.„მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. იგი ემსახურებოდა თავის სამშობლოს, თავის გუნდს კეთილსინდისიერად და მთელი მისი ეს მოღვაწეობა დაფუძნებული იყო პატრიოტიზმზე, პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე. დანამდვილებით ვიცი, რომ სხვა მიზეზი არ არსებობს იმის გარდა, რაც თავად განაცხადა ბატონმა მამუკა მდინარაძემ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას და პოლიტიკას ტოვებს.

არჩილ გორდულაძე

პოლიტიკა • 1787905140

არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძეს ათწლიანი პოლიტიკური საქმიანობით განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული, ძალიან ბედნიერი ვარ, თავს უფლება მივცე, მას უფროსი მეგობარი ვუწოდო

მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა დანაკლისია, მას უდიდეს პატივს ვცემ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.გორდულაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მამუკა მდინარაძისადმი ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ტყუილი და სპეკულაციაა.„მამუკა მდინარაძეს თავისი ათწლიანი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე განსაკუთრებული კვალი აქვს დატოვებული. რა თქმა უნდა, პოლიტიკიდან მისი წასვლა დანაკლისია. მას და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ თავადაც თქვა, რომ მის გადაწყვეტილებას არაერთი სპეკულაცია და ჭორი მოჰყვება. ვინც ამ ადამიანს იცნობს, მის გულწრფელობაში დარწმუნდებოდა. თავად თქვა, რომ არავითარი წერილი არავისთვის არ გაუგზავნია. დანარჩენი სპეკულაციაა. თუ ვინმემ ის წერილი წაიკითხა, დაინახავდა, რომ გულშემატკივრის პოზიციიდან მყოფი ადამიანის მიერ არის დაწერილი. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირს ასეთი წერილი მიეწერა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტყუილი და სპეკულაციაა. ძალიან ბედნიერი ვარ, თავს უფლება მივცე, მამუკა მდინარაძეს უფროსი მეგობარი ვუწოდო. ახლო ურთიერთობა გვქონდა და მომავალშიც გვექნება, მას უდიდეს პატივს ვცემ“, – განაცხადა გორდულაძემ.ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

✕