1772812259
„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს...“ - 6 წლის გოგონას სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება
6 წლის მარიამ ჭოხონელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბავშვის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, გოგონას მძიმე დიაგნოზი — აორტის სარქვლის სტენოზი — დაუდგინდა და სიცოცხლის გადასარჩენად სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. ოპერაცია სტამბოლში უნდა ჩატარდეს.
ბავშვის დედა საზოგადოებას დახმარებას სთხოვს და აღნიშნავს, რომ დრო ძალიან ცოტაა.
„ყველაზე მეტად ამ ტექსტის წერა მიჭირს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი პოსტის ავტორი გავხდებოდი, მაგრამ ცხოვრება ისეთი გზაა, სადაც არავინ ვიცით, რას გვიმზადებს ბედი. მეც იმ განადგურებული დედების რიგს შევემატე, რომელთა შვილებს დახმარება სჭირდებათ.
ჩემი ოცნების შვილს, მარიამს, სასწრაფოდ სჭირდება გულის ოპერაცია, რომელიც სტამბოლში უნდა ჩატარდეს. დღეებს დღე მისდევს და ძალიან ცოტა დრო გვრჩება. ახლა მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედი დაგვრჩა — თითოეული გაზიარება და თითოეული თეთრი შესაძლოა ჩვენი შვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახდეს.
ძალიან მიჭირს ამის თხოვნა, მაგრამ სხვა გზა აღარ დამრჩენია. უფალი იყოს ყველას მფარველი“, — წერს ბავშვის დედა.
ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარონ პატარა მარიამს სიცოცხლისთვის ბრძოლაში.
საქართველოს ანგარიში GE34BG0000000101161013
თიბისი GE96TB7438645061100020
მიმღები დედა- თეონა ძაძამია











