ვისთვის დაიშვება გამონაკლისი ამერიკის ვიზის მიღებაზე - საელჩოს განმარტება

აშშ-ის ვიზა

„საზოგადოებრივი სარგებლის გამოყენების“ მაღალი რისკის გამო ამერიკის შეერთებული შტატები 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს. ამ ჩამონათვალში მოხვდა საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი.

საქართველოში აშშ-ის საელჩო ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და განმარტავს, ვის შეეხება ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 14 იანვრის განახლებას ეფუძნება."ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც სიაში არ შედის, საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე პაუზა არ გავრცელდება", - ამის შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.

ამასთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩო საქართველოში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს აქვეყნებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაჩნდა:

"რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?

საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.

არსებობს თუ არა გამონაკლისები?

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.

ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?

არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).

ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?

არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქვეყნების სრული ჩამონათვალი, ვისაც შეზღუდვა შეეხო, ასეთია: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის კუნძულები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, ბირმა, კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.