განახლებული ინფორმაცია მათთვის, ვინც, სამებაში, პატრიარქის სამძიმარზე მისვლას აპირებს
1774037093
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. დაღამების მიუხედავად, ტაძრის ეზო და მიმდებარე ქუჩები ხალხითაა სავსე. უწმინდესთან და უნეტარესთან გამოსამშვიდობებლად მოქალაქეები უზარმაზარ რიგში დგანან.
პატრიარქის დაკრძალვის დღის რეგლამენტთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ. მისი განმარტებით, სამების ტაძრის ეზოს შუა ნაწილში მოძრაობა შეზღუდული იქნება, საიდანაც პატრიარქს გამოასვენებენ.
„შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც დასრულების [პანაშვიდის] შემდეგ პატრიარქის გამოსვენება მოხდება და გვერდითა ნაწილები იქნება თავისუფალი. ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გასვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს და შემდეგ ნელ-ნელა გამოჰყვეს უკან.
სიონი იქნება დაკეტილი, დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ჩვენს სამსახურთან, რამდენი სტუმარი იქნება ჩამოსული. თავისთავად მუშაობს საპატრიარქოც“, - განაცხადა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.