ვინ და რატომ სცადა გოგა მანიას მოწამვლა - ეზოტერიკოსი ალაპარაკდა

გოგა მანია

ეზოტერიკოსი გოგო მანია ჟურნალ „თბილისელებთან“ ჰყვება, რომ თურქეთში მისი მოწამვლა სცადეს.

– დიახ, თურქეთში ყოფნის დროს, ვითომ მეგობრებმა, თურქებმა და მათ შორის ერთ-ერთმა იქ მცხოვრებმა ქართველმა, მომწამლეს. ბევრმა მითხრა: ხომ ეზოთერიკოსი ხარ, წინასწარმეტყველი და არ შეგეძლო ეს ფაქტი თავიდან აგერიდებინაო? დიდი იმედი მქონდა, ავირიდებდი, მაგრამ ისეთ სიტუაციაში მოვხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ. თუმცა, სამყაროს წინააღმდეგ ვერ წახვალ. მე ეს დავუშვი, რადგან ის რომ ამერიდებინა, სხვა რაიმე შემემთხვეოდა, რაზეც ინფორმაცია არ მქონდა. შესაბამისად, ბოლომდე მივენდე სამყაროს და ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. საქმიან შეხვედრაზე რძიანი ყავა მომართვეს, რომელშიც საწამლავი იყო გარეული და მოვიწამლე. ცუდად გავხდი, ძილი მომერია, ძალა წამერთვა, ხელ-ფეხი დამიბუჟდა, ვერ ვამოძრავებდი, წნევა დამივარდა... თავად გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. რთული დღეები და ჯოჯოხეთი გამოვიარე, მაგრამ გადავრჩი.

– რის გამო სცადეს შენი ამ დღეში ჩაგდება?

– ეს თემა ტაბუდადებული მაქვს, არ მსურს საუბარი. მინდა, გითხრათ, მაქვს ძალა და შემეძლო, ისინი გარკვეული რიტუალით დამესაჯა, მაგრამ არ ვიკადრე და არ ვაკადრე ეს საკუთარ თავს. მე რომ კარგად ვარ, ესაა ჩემი მათდამი პასუხი. ძალადობას, ძალადობით არ ვპასუხობ, კარმა არსებობს და ყველას მოეთხოვება, როგორც ზედმეტი სიკეთისთვის, ისე ზედმეტი ბოროტებისთვის.