„ვფიქრობ, ამ ემოციების გარეშე როგორ ვიცხოვრე ამდენი წელი...“- როგორ შეცვალა შვილმა სანდრო კაჭახიძის ცხოვრება 

სანდრო კაჭახიძის ოჯახი

„რუსთავი2“-ის ჟურნალისტი, „კურიერი P.S.-ის“ წამყვანი, სანდრო კაჭახიძე თვეების წინ მამა გახდა. მისი მეუღლე, ტელეწამყვანი მარიამ მაისურაძეა, რომელიც ასევე, „რუსთავი 2-ში" მუშაობს.  

როგორია პატარა ალექსანდრეს მამობა და როგორ შეცვალა შვილმა მარიამის და სანდროს ცხოვრება - ამ თემაზე ტელეწამყვანი „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.

- როდის გაჩნდა ალექსანდრე კაჭახიძე თქვენს ცხოვრებაში? 

მე და მარიამი 5 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში თავიდან თავს ვიკავებდით, გვინდოდა მაქსიმალურად ერთმანეთით დავმტკბარიყავით. 8 თვის წინ, გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში პატარა ალექსანდრე, რომელმაც ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

ამას ვერც კი წარმოვიდგენდით მე და მარიამი, ერთმანეთს რომ ველაპარაკებოდით, ვიძახდით აქამდე სად ვიყავით, ამდენი ხანი რისთვის დავკარგეთ. მის გარშემო იწყებს დედამიწა ბრუნვას. ეს ერთი მხრივ, სასიამოვნო პროცესიც არის, მეორე მხრივ კი, ცოტა რთული, თუმცა, საბოლოო ჯამში შედეგს რომ ხედავ, მის ღიმილს და კეთილ თვალებს ყველანაირი დაღლა და უძილობა გავიწყდება.

- როგორი მამაა სანდრო კაჭახიძე?

- ჩემი გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა დროს ვატარებთ ერთად. ვეხმარები მარიამს, თუმცა ის უფრო აქტიურად არის ჩართული. უკვე დედას ცნობს. მაქსიმალურად ვცდილობ ჩართული ვიყო პროცესში. პედიატრთან ყოველთვის ერთად დაგვყავს.

ბავშვმა ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. როდესაც ალექსანდრე შეგვეძინა, მაშინ მივხვდი, რომ ადამიანის მთავარი მოვალეობა რაც არის ამ სამყაროში, მე ვფიქრობ, ეს არის გამრავლება და შვილების გაჩენა. რაც უფრო მეტი ჟრიამულია სახლში, მით უკეთესი. ვფიქრობ, ამ ემოციების გარეშე როგორ ვიცხოვრე ამდენი წელი. 

ალექსანდრემ მე და მარიამი კიდევ უფრო დაგვაახლოვა. ახლა ორივეს საერთო მიზანი გვაქვს.