ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო სხდომა ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა

ფოტო

22 ივლისს, ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს,  ნიკა კაპანაძეს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ გადაწყვეტილება ალადაშვილის კლინიკაშივე მიიღო.

ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, განზრახ მკვლელობის მცდელობას, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან.

კაპანაძეს ბრალის დადგენილება გუშინ, სამედიცინო დაწესებულებაში გააცნეს. გამოძიების თანახმად, 22 ივლისს, შანიძის ქუჩაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან, რომლებიც ავტომობილში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. კაპანაძე დაკავების დროს სამართალდამცველებს დაემუქრა და, ცეცხლსასროლი იარაღით, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა.