გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „Co-NatureGuard“ ფარგლებში, ტყის ხანძრების მართვის საკითხებზე სამიზნე დაცული ტერიტორიების მიმდებარე მუნიციპალიტეტების, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და კავკასიის ბუნების ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა ტყის ხანძრების პრევენციისა და მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხანძრის რისკების შეფასებაზე, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერებასა და რეაგირების მექანიზმების გაუმჯობესებაზე. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს ხანძრების მართვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთისა და ალგეთის დაცული ტერიტორიების, ასევე ჭაჭუნას აღკვეთილის ადმინისტრაციებისთვის ტყის ხანძრების მართვის გეგმების შემუშავება. ამასთან, სამიზნე ადმინისტრაციები აღიჭურვება დრონებით, რაც გააუმჯობესებს ხანძრის რისკების მონიტორინგის, შეფასებისა და მართვის შესაძლებლობებს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „Co-NatureGuard“ მიზნად ისახავს ტყის ხანძრების პრევენციის გაძლიერებასა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების დაცვას. პროექტი აერთიანებს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და საბერძნეთის ორგანიზაციებს, რომლებიც ტყის მართვისა და ბუნების კონსერვაციის მიმართულებით მუშაობენ.
პროექტი 26 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ევროპაში 75-ზე მეტ დაცულ ტერიტორიას მოიცავს.