1773348202
ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ
ტყიბულის სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ. მეწყრული პროცესების შესწავლას, დღეიდან დამატებითი სპეციალისტებიც შეუერთდებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა. პირველადი შეფასებით, ამ ეტაპზე სრულად დანგრეულია 10 საცხოვრებელი სახლი, ხოლო დანარჩენებს, სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნება. მეწყერმა ასევე დააზიანა ქუთაისი (მოწამეთა) - ტყიბული - ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთი და სოფლის სასაფლაო.
ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს თითოეული მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის შეფასება. მალე გახდება ცნობილი გეოლოგების პირველადი დასკვნა, რომლის მიხედვით ხელისუფლება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაგეგმავს.
სოფელ კურსებიდან ორი დღის წინ განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, 45 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. მოსახლეობა უზრუნველყოფილია პირველადი საჭიროებებით. ადგილობრივი ხელისუფლება კოორდინაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დაზარალებული მოსახლეობისთვის მედიკამენტების მიწოდება და სპეციალისტების მობილიზება, რომლებიც მოქალაქეებს გაუწევენ სამედიცინო დახმარებას. სოფელში მუშაობს საგანგებო შტაბი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. უსაფრთხოების მიზნით, კვლავ გადაკეტილია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა.










