სკა

ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ N221 დებულებაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა და სიმბოლური ფასი, ერთი ლარი ეღირება (ერთი სკა წლის განმავლობაში).

„აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანია დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ. გამომდინარე იქიდან, რომ სექტორის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან გაჩნდა მოთხოვნა ქართული თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის საჭირო დამადასტურებელი დოკუმენტის (წარმოშობის) მიღებაზე, ხოლო ტყის მართვის ორგანოს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა, ახალი კოდექსით შემოვიდა სარგებლობის სახე – ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა. ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით არის ფასიანი, შესაბამისად, საჭირო იყო სარგებლობის ფასის დადგენა, რაც სიმბოლურ თანხად ერთ ლარად განისაზღვრა.

როგორც მოგეხსენებათ, ტყის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა 2021 წლის პირველ იანვარს, რამაც ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახედ დაადგინა ფუტკრის მეურნეობის წარმოება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს სიახლეს და უკვე ერთ წელზე მეტია, განხილვის საგანია დარგობრივ სექტორში. დადგენილებაში კი, დაზუსტდა სარგებლობის წესები და პირობები, როგორც არამერქნულ ტყის რესურსზე (ისიც სიმბოლურ 0,01 ლარად). აღსანიშნავია, რომ სარგებლობის საფასურად განისაზღვრა მინიმალური თანხა (ერთ სკაზე ერთი ლარი).

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ N221 დებულებაის დოკუმენტში, სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით სკების განთავსების ფასად – ერთი ლარის ნაცვლად, 10 ლარი იყო მითითებული, რაც ტექნიკური ხარვეზია“, – აცხადებენ ეროვნული სატყეო სააგენტოში.