„თუ წიწიბურა მუქია, ეს ნიშნავს, რომ მისი შენახვის ვადა ერთხელ უკვე გავიდა და ხელმეორედ მოხალეს" - სურსათის უვნებლობის ექსპერტი

მარიამ ჩაჩუა

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სხვადასხვა წარმოების წიწიბურას სხვადასხვა ფერი აქვს. ზოგი ღიაა, ზოგი მუქი, განსხვავებაა ფასებშიც. სურსათის უვნებლობის ექსპერტი მარიამ ჩაჩუა განმარტავს, რა არის ამ სხვაობების მიზეზი და რამდენად მნიშვნელოვანია, ღია ფერის წიწიბურას შევიძენთ თუ მუქს.

„წიწიბურა მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის მარცვლეულია. ასეთია მისი ბუნებრივი ფერი. თუმცა ასეთი ფორმით რეალიზაციაში არ ხვდება, რადგან მისი შენახვის ვადა საკმაოდ მცირეა. ამიტომაც მწარმოებლები რეალიზაციამდე მას ერთხელ ხალავენ, რის შემდეგაც იღებს ღია ყავისფერ შეფერილობას და მისი შენახვის ხანგრძლივობა 18-20 თვემდე იზრდება. როდესაც წიწიბურა ღია ფერისაა, ესე იგი ის მხოლოდ ერთხელ მოხალეს. ასეთ პროდუქტში ყველა სასარგებლო თვისება, რაც წიწიბურას გააჩნია და ასეთი ძალიან ბევრია, შენარჩუნებულია. ამიტომ რაც უფრო ღია ფერისაა წიწიბურა, უკეთესია. რაც უფრო მუქია, სავარაუდოდ, ის უკვე რამდენჯერმე მოხალეს. ანუ მისი შენახვის ვადა ერთხელ უკვე გავიდა და ხელმეორედ მოხალეს. ასე რომ,რაც უფრო ღია ფერისაა, მით უფრო ახალია ეს პროდუქტი" - ამბობს მარიამ ჩაჩუა.