იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
თუ 100%-იანი მხედველობა გაქვს, წვრილ ასოებსა და დეტალებსაც მშვენივრად არჩევ, შორ მანძილზეც კარგად ხედავ, მაგრამ დღის განმავლობაში თვალები ხშირად გეწვება, გიცრემლიანდება, თავის ტკივილები გაქვს და მუდმივ დაღლილობას გრძნობ - ეს ყველაფერი, შესაძლოა, სწორედ იმ ციფრული გაჯეტებისა და ეკრანის ბრალი იყოს, რომელთანაც დიდ დროს ატარებ.
ამ მდგომარეობის აღსაწერად, 1998 ამერიკელმა ოფთალმოლოგებმა ახალი ტერმინი, სახელწოდებით კომპიუტერული მხედველობის სინდრომი, იგივე კომპიუტერული ასთენოპია შემოიღეს. ის სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ვითარდება. როდესაც კომპიუტერის ეკრანს ვუყურებთ, ჩვენი თვალები ფიქსირებულ მანძილზეა ფოკუსირებული, რაც მის გადაღლას იწვევს. ასევე, ციფრული მოწყობილობების ხანგრძლივი გამოყენება, თვალის დახამხამების სიხშირეს ამცირებს, რაც სიმშრალისა და ინფექციის განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის. ეკრანთან მუშაობის დროს ტვინი დიდი რაოდენობით ვიზუალური ინფორმაციითაა გადატვირთული - რაც თავის ტკივილს, ბუნდოვან ხედვას, კისრისა და მხრების ტკივილს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ის დამოუკიდებელ დაავადებად არ ითვლება, სინდრომი ცხოვრების ხარისხს სერიოზულად ამცირებს.
კლივლენდის კლინიკის მონაცემებით, კომპიუტერული მხედველობის სინდრომი, მსოფლიო მასშტაბით 60 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს. ამერიკის ოფთალმოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, კომპიუტერული ასთენოპია ოფისში მომუშავე ადამიანების 69.6-ს, ხოლო სტუდენტების 72%-ს აწუხებს.
რა იწვევს კომპიუტერული მხედველობის სინდრომს?
1. ეკრანზე ხანგრძლივი დროით ფოკუსირება - როდესაც თვალები საათობით ერთსა და იმავე მანძილზე ფოკუსირებას ცდილობს, განსაკუთრებით ახლო დისტანციაზე (მაგ. მონიტორი, ლეპტოპი, ტელეფონი), თვალის კუნთები იღლება, რაც შემდგომში თვალის ტკივილსა და დაბინდულ მხედველობაში გამოიხატება.
2. ეკრანის არასწორი მდებარეობა - თუ მონიტორი ძალიან ახლოს, მაღლა ან დაბლაა - ეს თვალებსა და კისერს არაბუნებრივ პოზაში მუშაობას აიძულებს - რაც დაღლილობის შეგრძნებას იწვევს. აღსანიშნავია ასევე ეკრანის ცუდი განათება და ციმციმი, რომელიც ასევე აზიანებს თვალებს.
3. ოფთალმოლოგების თქმით, ბუნებრივ მდგომარეობაში, ადამიანი საშუალოდ წუთში 22-ჯერ მაინც ახამხამებს თვალებს, რაც თვალებს საკმარისი ტენიანობის შენარჩუნებაში ეხმარება. კომპიუტერის გამოყენების დროს კი ეს მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს- წუთში 3-7 დახამხამებამდე.. შედეგად კი თვალის ზედაპირი შრება, ჩნდება წვისა და გაღიზიანების შეგრძნება.
4.ასევე, როგორც ოფთალმოლოგები ამბობენ, მცირეხნიანი შესვენებების გარეშე, ეკრანის განუწყვეტლივ ყურება - კომპიუტერული სინდრომის განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის.